თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ერთ-ერთ საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა.
აღნიშნული საქმე ეხება დაზარალებულ, ყოფილ პატიმარ ბელა როგავას, რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე დისტანციურად დაიკითხება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ სწორედ დაზარალებულ როგავას დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება. სასამართლომ შუამდგომლობა მოწმის დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, რასაც მსჯავრდებულ მეგის ქარდავას უკმაყოფილება მოჰყვა.
ქარდავა მოწმის ადგილზე დაკითხვას ითხოვს.
„ჩემი მოთხოვნა თავიდანვე იყო ის, რომ ადგილზე მომხდარიყო აღნიშნული მტკიცებულების და ჩვენების გამოკვლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რაც ობიექტურობის დასადგენად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში ვინ ჩაერთვება, საიდან ჩაერთვება, იმის მტკიცებულებაც არ გვაქვს, რომ სინამდვილეში, ვინც ჩაერთვება, იქნება თუ არა ის აღნიშნული პიროვნება“, - განაცხადა ქარდავამ.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ გარკვეული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იშუამდგომლა, ბრალდების მხარემ აღნიშნულის გასაცნობად დრო მოითხოვა, რის გამოც, სხდომა 14 ივნისამდე გადაიდო.
ცნობისთვის, მეგის ქარდავას ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე 2008 წელს დაკავებულ ბელა როგავას მიმართ წამებას ედავებოდნენ, თუმცა, 2014 წელს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული ბრალის კვალიფიკაცია არაადამიანური მოპყრობით შეცვალა.
სწორედ, აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მას შემდეგ, რაც ქარდავას საქართველოში ექსტრადირება მოხდა.
დაცვის მხარე მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომას ითხოვს.
ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება,როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.