პარაპლანით ფრენასთან და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს კანონი დაარეგულირებს

პარაპლანით ფრენასთან და აღნიშნული საფრენი აპარატის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს კანონი დაარეგულირებს.­ შემოდის სანქციები პარაპლანით ფრენების დროს დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

ცვლილებები, რომელიც მთავრობამ მოამზადა, “საჰაერო კოდექსსა“ და სხვა კანონებში ხორციელდება.

საკანონმდებლო პაკეტი პარაპლანით ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს ადგენს საფასურის განაკვეთის ოდენობებს პარაპლანის, მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის, პარაპლანის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობისთვის. პროექტის თანახმად, პარაპლანით ფრენა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში იქნება დასაშვები.

პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი განახორციელებს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს: - გააჩნია პარაგლაიდინგის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ამავე სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა; საზოგადოების ორგანოს წევრია არანაკლებ 50 პირი; გააჩნია პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის რეესტრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აღნიშნული იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენების განხორციელებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვასა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განახორციელებს.

რაც შეეხება სანქციებს, ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლები ემატება.

კერძოდ, პარაპლანით ფრენა პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე, ასევე შეჩერებული ან გაუქმებული მფრინავის მოწმობით − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნული ქმედების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და პარაპლანის კონფისკაციით.

პარაპლანით კომერციული ფრენა სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.

პარაპლანით არაკომერციული, მათ შორის საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დარღვევით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე, შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით ოპერირებაზე და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს 12 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს