საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს მარნეულში მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, 7 111 ლარის ღირებულების Adidas -ის და Nike -ის საფირმო სახელწოდებით მარკირებული საქონელი უკანონოდ აწარმოეს.
„ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.