USAID მედია პროგრამამ, ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში, ანნა მირონიუკს - The Kyiv Independent-ის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს უმასპინძლა

USAID მედია პროგრამამ, ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში, ანნა მირონიუკს - The Kyiv Independent-ის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს უმასპინძლა.

ანნა მსმენელის წინაშე წარსდგა თემით - „The Kyiv Independent და საგამოძიებო ჟურნალისტიკა ომის დროს“. მან დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, უკრაინელი ჟურნალისტების მუშაობის შეცვლილ დღის წესრიგზე ისაუბრა.

„დღეს უკრაინელები არა მხოლოდ თავისი სამშობლოს, ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას იცავენ. ასე ხდება, როდესაც რუსეთის მასშტაბის ბოროტებას ებრძვი და ამ ომში უკრაინელი ჟურნალისტების როლი უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც მიიჩნია მედია პროგრამის გუნდმა, რომ ანნა მირონიუკთან შეხვედრა ქართველი ჟურნალისტებისთვის საინტერესო იქნებოდა და ისინი კიდევ ერთხელ დაინახავდნენ, რამდენად მნიშვნელოვან და დიდ როლს თამაშობს დამოუკიდებელი მედია ამ ომში“ , - აღნიშნა დაჩი გრძელიშვილმა, USAID მედია პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

სესიის ფარგლებში, მირონიუკმა ისაუბრა ეთიკური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე და ამბის თხრობის ინოვაციური მეთოდები მიმოიხილა.

„ვფიქრობ, მსგავსი სესიების არსებობა, სადაც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, ფართო აუდიტორიასთან, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის საინტერესო იყო The Kyiv Independent-ის გამოცდილების გაზიარება ქართველი ჟურნალისტებისთვის და დისკუსია იმ საერთო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ვდგავართ“, - აღნიშნა ანნა მირონიუკმა.

ღონისძიებას ჟურნალისტები, ამბის ინდივიდუალური მთხრობელები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სესიის დასასრულს მირონიუკმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა.

USAID-ის ინფორმაციით, ანა მირონიუკი თანამშრომლობს და წერს სტატიებს ისეთი გამოცემებისთვის როგორიცაა, New York Times, Washington PostCoda Story და OCCRP.

USAID მედია პროგრამა, რომელსაც IREX-ი ახორციელებს, ხელს უწყობს მედიის თავისუფლებას, მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს