მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო ეიჩარი-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ ხელი მოაწერეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„დასაქმების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტების არა მხოლოდ განათლებაზე, არამედ იმაზეც, რომ ისინი შემდეგ დასაქმდნენ და მათი კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური მიიღონ. სააგენტოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ თსუ-ს სტუდენტებს სტუდენტურ ვაკანსიებს შესთავაზებს, ამასთან პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების შევსებაში, მათი მონაცემების დასაქმების ბაზაში განთავსებაში, რომელთანაც წვდომა 30 000-ზე მეტ დამსაქმებელს აქვს.
„ჩემთვის, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის, დიდი პატივია, რომ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტუდენტების დასაქმებას და გავაძლიეროთ ის პლატფორმა, საიდანაც სტუდენტები დასაქმების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ“, - აღნიშნა დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დასაქმების სააგენტო მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ერთობლივ ღონისძიებებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, დასაქმების ფორუმებს განახორციელებენ.
თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ჭეიშვილის განმარტებით, „მემორანდუმის გაფორმებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების დასაქმების, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისკენ“.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100 %-ით აფინანსებს.
დღეისთვის, თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს 8 პროფესიულ პროგრამაზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“2006 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას კადრების შერჩევა წარმოადგენს. კომპანია ფლობს რამდენიმე დასაქმების საიტს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. HR.GE-ს ერთიანი პორტალი ერთ-ერთი წამყვანი საიტია საქართველოს დასაქმების ბაზარზე. საიტზე დარეგისტრირებულია 30 000-ზე მეტი დამსაქმებელი კომპანია, 150 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი და განთავსებულია 5000-მდე აქტიური ვაკანსია.