სალიცენზიო პირობები, ბუნებრივია, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს კლინიკებთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს საავადმყოფოს შიდა ინფექციის გავრცელება მთელი რიგი მძიმე გამოსავლების გამოწვევის კუთხით. ეს თუ დაირღვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დროული რეაგირება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი რამდენიმე ბერკეტს ითვალისწინებს.
მისი განცხადებით, დღეს მოქმედი ჯარიმები მინიმალური ოდენობისაა და პრევენციული ძალა არ აქვს. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, ან ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესებასა და პაციენტისთვის უკეთესი, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიმართოს, ზოგჯერ, კლინიკას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.
„დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში, რა თქმა უნდა, ისევ რჩება. დღეს, რეგულირების სააგენტოს არ აქვს ქმედითი ბერკეტი, შეაჩეროს ლიცენზიის და ნებართვის მოქმედება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჯარიმები, რომელიც ახლა დაწესდა, თითქმის, გაორმაგებული ოდენობისაა. მისივე განცხადებით, ახალი კანონპროექტით, ასევე, დგინდება ჯარიმების ზედა ზღვარი და არ რჩება ღია სივრცე, რომ შემფასებელს ან გადაწყვეტილების მიმღებს, გარკვეული ვარირების საშუალება ჰქონდეს.
„უფრო კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უნდა ამოქმედდეს ამ კანონპროექტით, ეს არის ლიცენზიის და ნებართვის მოქმედების შეჩერება, დროებითი შეჩერება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.