ნიდერლანდების სამეფოში ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კლასიკოსი მწერილის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი ლიეტუვადან მოწვეულმა ქართველმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა.

სპექტაკლს ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი სამღვდელოებასთან, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია საელჩოს წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრო. საპრემიერო ჩვენებისთვის ქალაქ პურმერენდის თეატრს ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველების გარდა, საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებიც ეწვივნენ.

სპექტაკლს ქალაქ პურმერენდის საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის ატაშე და ჰოლანდიელი თეატრალები დაესწრნენ. ჰოლანდიელი მაყურებლისთვის პიესა ნიდერლანდურ ენაზე მწერალმა არჩილ ჯავახაძემ თარგმნა.

„ძალიან მოკლე პერიოდში მოვახერხეთ სპექტაკლის დადგმა. სანამ სცენაზე ავიდოდით, რეპეტიციები ონლაინ მიმდინარეობდა. მე ლიეტუვიდან, მოყვარული მსახიობები ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქიდან ონლაინ ერთვებოდნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხეთ და საინტერესო სპექტაკლი გამოგვივიდა. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომ არ ივიწყებენ ქართულ ტრდიციებს და პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს კულტურას“,- განაცხადა ბადრი წერედიანმა.

სიმბოლურია ისიც, რომ სპექტაკლში მწერლის შთამომავალმა, მისმა მოსახელე და მოგვარე დავით კლდიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

„ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ჩემი დიდი და სახელოვანი წინაპრის მიერ დაწერილი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მიმეღო მონაწილეობა. თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური გავაკეთეთ ღირსეულად წარგვედგინა მაყურებლისთვის ქართული კლასიკა. მათი ემოციები და აპლოდისმენტები ჩვენთვის ღირებულია, რაც სტიმულს გვაძლევს უფრო მეტი გავაკეთოთ მომავალში“,- განაცხადა კირილე მიმინოშვილის როლის შემსრულებელმა დავით კლდიაშვილმა.

ნიდერლანდებში მცხოვრები არტისტული ნიჭით დაჯილდოებული ემიგრანტების დახმარებით, თეატრი „ათინათი“ 2021 წელს ემირგანტმა ქალბატონმა თინათინ ახვლედიანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დააარსა. ამჟამად თეატრს ნათია და ბაია ახვლედიანები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც თანამოაზრეებთან ერთად, მნიშვნელოვანი ქართული კულტურის კერა შექმნეს ნიდერლანდების სამეფოში.

ახლო მომავალში თეატრი „ათინათი“ „სამანიშვილის დედინაცვალს“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარადგენს.

„შევიკრიბეთ ენთუზიასტები და ვაგრძელებთ დედის, თინათინ ახვლედიანის გზას, რომლის სურვილი იყო ნიდერლანდების სამეფოში შექმნილიყო ქართული თეატრი. იდეა ბევრმა მოიწონა, დაგვიდგნენ გვერდში და ასე ღირსეულად ვატარებთ საქართველოს სახელს უცხო მიწაზე. ამაში კი, ქართული კულტურა გვეხმარება. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც დაგვეხმარა მე და ჩემს დას, ნათია ახვლედიანს იდეის სისრულეში მოსაყვანად. ვისაც რა შეუძლია იმ საქმეს აკეთებს ამ ეროვნულ საქმეში. ჩვენ უკვე შევქმენით აქ ისტორია, რასაც ნიდერლანდების სამეფოში ქართული თეატრი ჰქვია“,-განაცხადა სპექტაკლის შემდეგ თეატრ „ათინათის“ თანადამფუძნებელმა ბაია ახვლედიანმა.

დასმა პირველი სპექტაკლი „ჰელადოსი“ 2022 წელს დადგა და საგასტროლოდ ქალაქ კაუნასში თეატრალურ ფესტივალზე წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება