საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელის“ ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებს პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგები გააცნეს, ასევე, მოხდა გამოცდილების გაზიარება.
პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი) ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
პროექტის მენეჯერის ქეთევან ჭელიძის განმარტებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში შშმ ქალთა საკითხებზე და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს შორის ფოკუსირებული დისკუსიები ჩატარდა, რათა გამოვლენილიყო გენდერული ძალადობის გავრცელება, ასევე ის სტერეოტიპები და ის საკითხები, რომლებიც განაპირობებს გენდერული ნიშნით ძალადობას. მისივე ინფორმაციით, დისკუსიები ასევე ემსახურებოდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას:
„შემაჯამებელ ღონისძიებაზე სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი. ასევე ფოკუსირებული დისკუსიების მიგნებები საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების წარმომადგენლებთან იყო გაზიარებული. პროექტის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც იქნება ის აუცილებელი მინიმალური ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უახლოეს მომავალში უნდა გადადგას შშმ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით“, - განმარტა ქეთევან ჭელიძემ.
შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი იღებდა. მისი განცხადებით, ის რეკომენდაციები და შემაჯამებელი ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე იქნა გაზიარებული, საბჭოსთვისაც საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება.
„ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები განსაკუთრებით მტკივნეულია, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ორმაგად მოწყვლად ჯგუფებს, როგორიც არის შშმ ქალები. საბჭო მუდმივ რეჟიმში სწავლობს საკითხებს, რომელიც ჯანდაცვის სერვისებზე, ძალადობის საკითხებზე შშმ ქალებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომლის ვალდებულებაში შედის, რომ ყველა ჯგუფის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა აწარმოოს, აქედან გამომდინარე, კონცეფციებში: იქნება ეს ეკონომიკური თუ გენდერული თანასწორობის კონცეფცია, შშმ ქალების საჭიროებებზე განსაკუთრებულად არის ხაზი გასმული. თავისთავად, გამოწვევები დიდია. შშმ ქალები თავის მხრივ, განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობასა და დეფიციტს, სწორედ აქ შემოდის სახელმწიფოს როლი, რომ სათანადოდ დაარეგულიროს კანონმდებლობა და იყოს მგრძნობიარე როგორც ქალების, ასევე შშმ ქალების და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და ასევე იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე როგორც თემის შიგნით, ასევე თემს მიღმა არსებული ადამიანებისთვის“, - განმარტა ნინო წილოსანმა.
შშმ ქალებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ჩატარებული ფოკუსირებული დისკუსიების შედეგების გარდა, წარმოადგინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთში ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მცირე პროექტების შესახებ. ასევე, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები პრობლემის გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“ შემაჯამებელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო წერეთელი; საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი; გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროგრამის მენეჯერი - ოლგა ოსაულენკო; შშმ ქალთა ეროვნული ქსელის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი თამარ მაჭარაშვილი; პროექტის ექსპერტები მოლდოვიდან - ირინა რევინა, სომხეთიდან - გაიანე გრიგორიანი, ბელარუსიდან - ირინა კუკსიკი, ხოლო აზერბაიჯანიდან ნურლანა ჰამზაევა; შეხევდრას აგრეთვე ესწრებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და შშმ ქალები.
ცნობისთვის, საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ (შემდგომში - თანადგომა) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს, გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისა და ამ პროგრამების ადვოკატირების გზით.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრამის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა. ბოლო წლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მოწყვლადი ქალების სხვადასხვა ჯგუფების მხარდაჭერას მათი უფლებების დაცვის, დისკრიმინაციისა და ძალადობის შემცირების მიმართულებით.
პროექტის კოორდინატორი, შშმ ქალთა ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ ქალთა თემში ძალადობის შემცირების და პრევენციის საკითხებში ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის საბჭოების როლსა და მნიშვნელობაზე.
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა შშმ ქალების (გოგონების) სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების რეალიზების ხელშეწყობა.
ქსელი თავის საქმიანობას ანვითარებს სამი ძირითადი მიმართულებით:
(R)