მეუფე შიო -  ყოველ ჩვენგანს აქვს ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან თუ სნეულებებისგან, რომლებსაც ღმერთი გვიგზავნის - მოთმინებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ჯვარზე, ჩვენს ცხოვრებაზე და ვევედრებით ყველა წმინდანს, გამოვითხოვთ მათგან ლოცვა-კურთხევას, გვიკურთხონ ჩვენი ცხოვრებისეული გზა, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ეს ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან თუ სნეულებებისგან - ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, ჩვენი მაცხოვრის და უფლის მაგალითის შემხედველი, ღირსეულად, ქრისტიანული ღირსებით და მოთმინებით უნდა ვზიდოთ ეს ჩვენი ჯვარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა მორწმუნეებს მიულოცა ყველა წმინდანის ხსენება, რომელიც სულთმოფენობიდან პირველ კვირას აღინიშნება.

„ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მფარველი წმინდანი, რომელთა ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება, მაგრამ აი, დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს ყველა წმინდანის ხსენებას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნე ადამიანის ანგელოზის დღეა დღეს. ასე რომ, გილოცავთ ყველას ანგელოზის დღეს.

რატომ არის ეს დღე დადგენილი? - ამით წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია გვაჩვენებს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა დედამიწაზე არ ყოფილა უნაყოფო, არამედ დიდი სულიერი ნაყოფი გამოიღო. და ჩვენ ვის არ შევხვდებით წმინდანთა შორის: მათ შორის არიან მამაკაცებიც და ქალებიც, ბავშვებიც, არიან მდიდრები და ღარიბები, არიან დიდებულები და უბრალო ადამიანები, არიან პატრიარქები, მღვდელმთავრები, მღვდლები, უბრალო ბერები, მონაზვნები, ერის ადამიანები, რომლებიც მთელ მსოფლიოში და ყველა დროში ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი სიკვდილით, თავიანთი სისხლით დაამოწმეს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება - ეს არის სიტყვა ცხოვრებისა, მაცხონებელი მოძღვრებაა და ბოძებულია ჩვენთვის მარადიული სიცოცხლისთვის; რომ ამ მოძღვრებამ, უფლის განკაცებამ, უფლის ცხოვრებამ, მისმა ტანჯვამ, ჯვარზე სიკვდილმა, მკვდრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და სულიწმიდის მოვლინებამ დიადი სულიერი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში; რომ უფალ იესო ქრისტეს მიერ გახსნილ ცათა სასუფეველში მრავალი ადამიანი შევიდა.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ასეთი მონაკვეთი: უფალი იესო ქრისტე ეტყვის თავის მოციქულებს, რომ როდესაც იგი მობრძანდება მეორედ და დიდების ტახტზე დაბრძანდება ქვეყნიერების განსასჯელად, მაშინ მოციქულებიც თორმეტ ტახტზე დაბრძანდებიან მასთან ერთად და განსჯიან სოფელს. მაგრამ, მოგეხსენებათ, მაშინ მხოლოდ მოციქულებით შემოიფარგლებოდა წმინდანთა დასი, ამიტომ შემდგომში პავლე მოციქული დაამატებს და იტყვის ასეთ სიტყვებს: „წმინდანები განიკითხავენ სოფელს“, იგი ამბობს: „განა არ იცით, რომ წმინდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“

დღეს ასევე წაკითხული იყო წმინდა სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი“.

აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ჯვარზე, ჩვენს ცხოვრებაზე და ვევედრებით ყველა წმინდანს, გამოვითხოვთ მათგან ლოცვა-კურთხევას, გვიკურთხონ ჩვენი ცხოვრებისეული გზა, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ეს ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან თუ სნეულებებისგან, რომლებსაც ღმერთი გვიგზავნის და ჩვენ ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, ჩვენი მაცხოვრის და უფლის მაგალითის შემხედველი, ღირსეულად, ქრისტიანული ღირსებით და მოთმინებით უნდა ვზიდოთ ეს ჩვენი ჯვარი.

გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო.

დღეს არის ნამდვილად დიდი და წმინდა დღე და ჩვენ გვმართებს, ვევედროთ ყველა წმინდანს, რომ მეოხ გვეყონ წინაშე ღვთისა, რომ ჩვენ ცოდვილები უკანასკნელ რიგებში მაინც დავდგეთ იმათთან ერთად, ვისაც უფალმა „მისცა ხელმწიფება ღმერთის შვილებად წოდებულიყვნენ"; და ვინც მეორედ იშვნენ „არა ხორციელი ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღვთისაგან", რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ”, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის