საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 55 სტუდენტს და აკადემიური პერსონალის 10 წარმომადგენელს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ სერტიფიკატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, ნავთობკომპანია „BLOCK ENERGY“, “OMV PETROM” მხარდაჭერით, ტრენინგი - საქართველოში ნავთობის, გაზის და მინერალური რესურსების სექტორის მართვის საფუძვლები, ჩატარდა.
როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორი მამუკა ჯმუხაძე აცხადებს, ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ნავთობის, გაზის და მინერალური რესურსების სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, სახელმწიფო და კერძო კომპანიის წარმომადგენლებისგან პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, განხორციელებული პროექტების წარდგენა, მათი ზეგავლენის ანალიზი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში და სამომავლო გეგმების გაცნობა.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ჩატარდა 8 ტრენინგი და 2 გასვლითი მეცადინეობა რუსთავისა და პატარძეულის ჭაბურღილებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგის ფარგლებში, ძალიან საინტერესო თემები იქნა განხილული. ასევე, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული მეცადინეობა ნავთობის მომპოვებელ და ნავთობის გადამამუშავებელ ლოკაციებზე. ძალიან საინტერესო ლექციები ჩატარდა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალისთვის“, - აცხადებს მამუკა ჯმუხაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა: „ნავთობისა და გაზის საქმიანობის სპეციფიკა, სახელმწიფო მარეგულირებლის როლი, მოლაპარაკებების თავისებურებები“, მომხსენებელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი. ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების რეგულირების მიმოხილვით ლექცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ეკა კობიაშვილმა წაიკითხა. სასარგებლო წიაღისეულის მართვის შესახებ ლექცია, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ჩალათაშვილმა, ჩაატარა. „Block Energy-ს წარმატების ფორმულა, გვერდითი ლულების ბურღვის კომპანიის შესახებ“ კი BLOCK ENERGY-ს ოპერაციების მენეჯერმა გურამ მაისურაძემ ისაუბრა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ ლექცია, თემაზე - ენერგეტიკული უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით ჩაატარა. ხოლო თემა - „ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო“, წარადგინა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნავთობის და გაზის ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის ექსპერტმა, მთავარი გეოლოგმა სოსო ღუდუშაურმა.