10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყოველწლიური კონფერენცია CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა მარუაშვილმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სესილი გოგიბერიძემ.
„კონფერენციის გახსნას მოდერაციას CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო მინდიაშვილი უწევდა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც 200-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა, 7 სექციისა და 15 ქვესექციისგან შედგებოდა: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; ბიზნესი და ტექნოლიგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა; მედიცინა; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები).
აღსანიშნავია, რომ CIU-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც თერთმეტწლიანი ისტორია აქვს, ასევე სკოლის მოსწავლეებსაც მასპინძლობს. მომავალ სტუდენტთა სექციაში უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, დარგობრივი ცოდნა გაიღრმაონ და სამეცნიერო კვლევის უნარები გამოიმუშავონ.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.