რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების საკითხებში (USCIRF) ამერიკის შეერთებული შტატების კომისარს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს რელიგიის საკითხებში, ფრედერიკ დეივს, USCIRF-ის აღმასრულებელ დირექტორს, ერინ სინგშინსუკის, USCIRF-ის პოლიტიკის უფროს ანალიტიკოსს, კიილი ბაკკენს და USCIRF-ის მსხვერპლთა სიისა და ხელმისაწვდომობის სპეციალისტს, დილან შექსნაიდრეს შეხვდნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე და რუსეთის მხრიდან ეთნიკურ და რელიგიურ დისკრიმინაციაზე გამახვილდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია (USCIRF) დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც 9 კომისრისგან შედგება. მათ უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტი და კონგრესის პირველი პირები ნიშნავენ. კომისია ფედერალური მასშტაბით ზედამხედველობას უწევს რელიგიის თავისუფლების პოლიტიკას და ამზადებს რეკომენდაციებს პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და კონგრესისათვის.
მასპინძლების განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებმა და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან ეთნიკურმა და რელიგიურმა დისკრიმინაციამ დაიმსახურა. მასპინძლები კარგად იცნობდნენ საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას და სააგენტოს დელეგაციას საშუალება მიეცა, უფრო დეტალურად ესაუბრა მიმდინარე პროგრესზე.
საუბარი ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს შეეხო. მათი თქმით, ისინი მონიტორინგს უწევენ სახელმწიფო დეპარტამენტის, მათ შორის, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ელჩის საქმიანობასაც და ამდენად, ანგარიშებში საქართველოს შესახებ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, უფრო ობიექტური ინფორმაციის ასახვას შეუწყობენ ხელს.
შეხვედრას საქართველოს საელჩოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხათუნა კვესელავა და საქართველოს საელჩოს უფროსი კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, შალვა ბურდული ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.