მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.
„6 წელია უკვე საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ. ხარისხი მოწმდება სისტემატურად, ასევე გეტყვით, რომ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, ერთგვარ ბიზნესადაა გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ამიტომ ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა. სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ვფიქრობ, შედეგი ძალიან მალე გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. ჩვენ მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.