სურსათის სააგენტო - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო, ბრუცელოზის დაავადებაზე ზედამხედველობის მიზნით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სისხლის ნიმუშების კვლევასა (სერომონიტორინგი) და პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა როგორც ცხოველის ბრუცელოზით დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შეტყობინების, ასევე ადამიანის ბრუცელოზით დაავადების დაფიქსირების შემდგომ ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში (ურაველი, ხერთვისი, სახუდაბელი, ორგორა, ძველი, რუსთავი, გორელოვკა, დილიფი, ბაკურიანი, ანდეზიტი, ციხისჯვარი) გამოკვლეულია 842 სისხლის ნიმუში (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონელი), საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 118 სული, ხოლო 2022 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკვლეულია 674 სისხლის ნიმუში (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონელი), საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 79 სული.

„დაავადებული ცხოველის დაკვლა, კანონმდებლობის შესაბამისად, ვეტერინარული ზედამხედველობით ხორციელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველების ბრუცელოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია მასობრივად ხორციელდება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 156 ათასამდე პირუტყვია ვაქცინირებული (მათ, შორის სამცხე-ჯავახეთის 265 დასახლებულ პუნქტში ვაქცინირებულია - 19 916 პირუტყვი).

ინფორმაციისთვის, ბრუცელოზი ქრონიკული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც სხვადასხვა სახეობის ცხოველი და ადამიანი ავადდება . დაავადება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ვრცელდება.

ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება აბორტებით.

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში (აბორტის დროს), არ შეეხოთ ცხოველს შიშველი ხელებით, თვითნებურად არ დამარხოთ ან გადააგდოთ აბორტირებული ნაყოფი, დაუკავშირდით ვეტერინარ ექიმს, რომელიც აიღებს ნიმუშს და დიაგნოსტირებისათვის ლაბორატორიაში გადააგზავნის.

ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის მიზნით თქვენს კუთვნილ საქონელს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გამოკვლევები ჩაუტარეთ, დაავადების საეჭვო შემთხვევაში, მიმართეთ ვეტერინარ ექიმს, განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და უზრუნველყავით მისი დაკვლა სასაკლაოზე, დაიცავით პირადი უსაფრთხოება ცხოველების მოვლისას, განსაკუთრებით, მშობიარობის დროს, ხორცის დამუშავებისას (ხელთათმანი, წინსაფარი, ბოტები), ნუ მიიღებთ რძესა და რძის პროდუქტებს ადუღების ან პასტერიზაციის გარეშე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა