გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტი მიზნად სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას ისახავს. კანონპროექტი, ასევე, საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტეგრირებული ნებართვის გაცემას ითვალისწინებს, რაც საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით არის განსაზღვრულ და სამრეწველო სექტორს და სამრეწველო სექტორიდან გამოწვეული დაბინძურების მაქსიმალურ შემცირებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტთან ერთად, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შეზღუდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ, რომელიც სამრეწველო ემისიების კანონის აღსრულებისათვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო. ამჯერად, წარმოვადგინეთ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ჰაერში გაფრქვევებს, არამედ ნიადაგის, წყლის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, რომ ამ კანონს ექნება ის შედეგი, რომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ მეორე მოსმენისათვის და უზრუნველვყავით ძალიან მოქნილი პროცედურები იმისათვის, რომ ბიზნესს ერთი სარკმლის პრინციპით შეეძლოს ყველა გარემოსდაცვითი ნებართვის აღება, რაც გულისხმობს ერთ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვის პროცედურაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებისა და სანებართვო დოკუმენტების მიღებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.