საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წინაშე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე საჯარო ლექციითა და სამეცნიერო ნაშრომით - „ახალი ბიოლოგიურ-ქიმიური ეკოლოგიური კონცეფცია“ წარსდგა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები.
საჯარო ლექციის ფარგლებში, რომელიც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიმართა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ისაუბრა ნაშრომის - „ახალი ბიოლოგიურ-ქიმიური ეკოლოგიური კონცეფცია“ შესახებ, მიმოიხილა გარემოს დაბინძურების წყაროები, კერძოდ კი, ტოქსიკური ბუნების მქონე ქიმიური ნაერთები და მათი წარმოქმნა-გავრცელების შესაძლებლობები.
როგორც მეცნიერმა აღნიშნა, მრავალი ქიმიური, ფიზიკური და სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, გარემოში სისტემატურად მატულობს ტოქსიკური ნაერთების ნაკადი, რაც ბუნებაში ბიოლოგიური წონასწორობის მასშტაბური დარღვევის საშიშროებას ქმნის და ამ პროცესს მეტად ამძაფრებს გლობალური დათბობით გამოწვეული საფრთხეები. აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის განმარტებით, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე, თავისი ნაშრომით სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოებას სთავაზობს კონცეპტუალურად განსხვავებულ, გლობალური ხასიათის ახალ ბიოლოგიურ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტოქსიკური და ბუნების დამაბინძურებელი კომპონენტებისგან ნიადაგებისა და წყლის საცავების გაწმენდა.
„ტოქსიკური ნაერთების ნაკადის მატება, რაც ინტენსიური ტექნოლოგიური პროცესების თანმდევია, კაცობრიობას ბიოლოგიური წონასწორობის მკვეთრი დარღვევის საფრთხის წინაშე აყენებს. ამას ემატება ისიც, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს ტოქსიკურ ნაერთებს. აქ გასათვალისწინებელია გარკვეული დარღვევები, გენომზე ზემოქმედება და განსაკუთრებულად კი, ცოცხალი ორგანიზმებისა და ადამიანის ფიზიოლოგიური ცვლა და ა.შ. ჩვენს დღევანდელ სამყაროში ძალიან გართულებულია ეკოლოგიური საფრთხეები. ეს შესაძლოა გახდეს, მათ შორის, ახალი ინფექციური დაავადებების გავრცელების მაპროვოცირებელი, მით უმეტეს, გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე. გლობალური დათბობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ორგანიზმებში სპონტანურ მუტაციებს წარმოშობს და ბიოლოგიური რეჟიმების დაბინძურებისა თუ ბუნებრივი ციკლების რღვევის მიზეზი ხდება. როგორ შეიძლება ავირიდოთ და მაქსიმალურად შევამციროთ არსებული საფრთხეები?! ტოქსიკური ნაერთების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად, საჭიროა კომპლექსური გლობალური კვლევების ჩატარება, თუმცა ამ საფრთხეს ბოლომდე მაინც ვერ ავირიდებთ, რადგან მრეწველობის განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესი შეუძლებელია ტოქსიკური ნაერთების გამოყოფის გარეშე, მაგრამ კაცობრიობამ უნდა შეძლოს მათი მაქსიმალურად შემცირება. ჩემი ნაშრომით, რომელიც სამყაროში ათეული წლების მანძილზე წარმოებულ სამეცნიერო კვლევებსა და დაკვირვებებს ეფუძნება, საზოგადოებას და სამეცნიერო წრეებს ვთავაზობ კონცეპტუალურად განსხვავებულ, გლობალური ხასიათის სიახლეს - ბიოლოგიურ ტექნოლოგიას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ტოქსიკური ნაერთებისა და სხვა დამაბინძურებლებისგან გაიწმინდოს ნიადაგის ვრცელი მასივები, გრუნტები, წყლის მასიური საცავები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ახალი ბიოლოგიური ტექნოლოგია არ ითვალისწინებს აგრესიული ხსნარების გამოყენებას თუ თერმულ დამუშავებას და მთლიანად ინარჩუნებს ნიადაგის თუ წყლის ბინადარი მიკროორგანიზმების სრულფასოვნებას, შესაბამისად, არც მოსავლიანობას ემუქრება რაიმე საფრთხე“, - აღნიშნა გიორგი კვესიტაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მრავლისმომცველი და უაღრესად აქტუალური საჯარო ლექციისთვის მადლობა გადაუხადა ცნობილ მეცნიერს და ყურადღება გაამახვილა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ღვაწლსა და მისი ახალი ნაშრომის სამეცნიერო მნიშვნელობაზე.
„სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების მონაწილეობით, მოესმინათ ისეთი მაღალი რანგის მეცნიერის საჯარო ლექცია, როგორიც აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძეა, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია; მოესმინათ მისი უახლესი კონცეფცია და ზოგადსაკაცობრიო გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის მისეული სამეცნიერო ხედვა, უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, დაესვათ შეკითხვები გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებსა და ასევე, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, ღრმად გაეანალიზებინათ აკადემიკოს კვესიტაძის ახალი ბიოლოგიური ტექნოლოგია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და დაკვირვებებს ეფუძნება. მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის ამ შესაძლებლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას სამეცნიერო მოღვაწეობაში“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.