ოთარ შამუგია - 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოტრანსპორტს, ასევე, რეექსპორტს და ტრანზიტს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კატალიზატორის ექსპორტი ქვეყნიდან გარკვეული ვადით შეიზღუდება/აიკრძალება.

როგორც ოთარ შამუგიამ განმარტა, კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვა ძალაში დადგენილებაზე ხელმოწერისთანავე შევა.

აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განცხადება მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, როდესაც ისაუბრა დაბინძურებული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

„ჰაერის დაბინძურების თემა არის კომპლექსური და ჩვენ მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სადგურების მეშვეობით და სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე ვხედავთ, რომ ძირითადი დაბინძურების მიზეზი არის სწორედ ავტოტრანსპორტი, გამონაბოლქვი და რა თქმა უნდა, მსხვილი საწარმოები სამრეწველო ზონებში.

ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეგულაციების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები და 20-ზე მეტი მსხვილი საწარმო გაფრქვევების მონიტორინგს ახორციელებს, რომელზეც ინფორმაცია სამინისტროს მიეწოდება. მთლიანობაში 50 მსხვილი საწარმოა და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უმეტეს მათგანში ეს სისტემები ფუნქციონირებაში იქნება. ამ ორგანიზაციებმა, ამ საწარმოებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ფილტრაციის სისტემებში, ამ მონიტორინგის სისტემების აწყობაში და რა თქმა უნდა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი და შემდგომი ეტაპია სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს და რომელიც ძალაში მომავალი წლებიდან შევა. ეს ჩვენ საწარმოებს ავალდებულებს, რომ მათ დანერგონ ყველაზე თანამედროვე სტანდარტები იმისთვის, რომ ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“განაცხადა შამუგიამ.

ამასთან, როგორც მან განმარტა შემოღებული იქნება „ევრო ხუთის“,სტანდარტი რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს ყველა იმ ქვეყანაში, საიდანაც საქართველო ავტოტრანსპორტის იმპორტს ახორციელებს, კერძოდ კი, ეს არის აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კორეა, იაპონია და ა.შ. შამუგიას თქმით, აღნიშნული რეგულაციების შემოღება პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაცია ქვეყანაში შეზღუდული იქნება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.

„ცალსახად მინდა ვთქვა,რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოტრანსპორტს, ასევე არ შეეხება რეექსპორტს და ტრანზიტს. ეს რეგულაცია და შეზღუდვა ამ საკითხს არ შეეხება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამგზავრო დიდი ავტობუსების და სატვირთო ტრანსპორტის შემთხვევაში ეს რეგულაცია ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე, გარკვეული გამონაკლისის გვექნება სახელმწიფო და სამაშველო ღონისძიებებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე. ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია, ემისიის სტანდარტის შემოღება ქვეყანას კიდევ უფრო დაახლოებს ევროპულ კანონმდებლობასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ წლებში დადებით გავლენას იქონიებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა შამუგიამ. .

რაც შეეხება მანქანებიდან კატალიზატორების მოხსნით გარემოს დაბინძურებას, მინისტრის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით ქვეყნიდან კატალიზატორის ექსპორტი შეიზღუდოს/აიკრძალოს,კერძოდ კი, 3 წლის ვადით, ვიდრე მთავრობის მიერ მიღებული არ იქნება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ რეგლამენტი,რომელიც შამუგიას განმარტებით, სამინისტროს მიერ შემუშავებული და შემდგომში მთავრობას წარედგინება.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიას განმარტებით, მიმდინარე წლიდან გზებზე დაიწყება ხილული გამონაბოლქვის კონტროლი და ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას გააკეთებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და გათვალისწინებული იქნება საჯარიმო სანქციები.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს