ნოე მეგრელიშვილი - იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება

იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, არის [ჰაერის დაბინძურების] ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. რიგ შემთხვევაში, აზოტის ჟანგეულების ორჯერადი გადაჭარბებაც კი გვიფიქსირდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლიდან, კონცენტრაციების მატება ცალსახად ფიქსირდება, რაც ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

მეგრელიშვილის განმარტებით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, ამასთან, ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია, მათ შორის, მელიქიშვილის, პეკინის, დადიანის, ქეთევან წამებულის გამზირებზე.

როგორც ნოე მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2022 წელს, პირველად დაფიქსირდა რეკრეაციულ ზონაში ჰაერის ხარისხის ნორმის გადაჭარბება, კერძოდ, 9 აპრილის პარკში.

„ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელი გვაქვს. მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები. ამ შემთხვევაში სწორედ აზოტის ჟანგეულებზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ, რომ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვთან პირდაპირ კავშირშია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ აზოტის ჟანგეულებით გვიფიქსირდება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილი გადაადგილდება ყოველდღიურად. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მაგალითისთვის, რუსთაველის გამზირზე გვიფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, შემდეგ მელიქიშვილი, პეკინის გამზირი, დადიანის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი და ა.შ. ანუ, ყველა მთავარ გზაზე გვაქვს აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება, რიგ შემთხვევაში ორჯერადი გადაჭარბებაც კი გვიფიქსირდება. 2022 წელს, პირველად დაგვიფიქსირდა ნორმის გადაჭარბება რეკრეაციულ ზონაში. ეს არის 9 აპრილის პარკში, რაც მანამდე არ იყო.

2019 წლიდან კონცენტრაციების ძალიან მცირედი, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს იმის შედეგია რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ა.შ., თუმცა 2022 წელს ცალსახად, გვაქვს მატება ამ კონცენტრაციების, რაც პირდაპირ კავშირშია, როგორც აღმოჩნდა, ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

მან ასევე, მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ავტოპარკს გააუმჯობესებს, რის შედეგადაც მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი შემცირდება.

„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, რაც გარემოს დამცველების მხრიდან ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ევრო 5-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. დღეს მოქმედებს ევრო 6-ის სტანდარტი. ეს არის მხოლოდ ერთი საფეხურის ქვემოთ. ეს [გადაწყვეტილება] აუცილებლად გააუმჯობესებს ავტო პარკის, ჩვენს ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გაახალგაზრდავებს მას, რაც, რა თქმა უნდა, მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს შეამცირებს,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება