საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და დაინტერესებული ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შესავალ სიტყვაში, რომეო მიქაუტაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გამართულ კომუნიკაციას მთავრობას, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის.
მისი თქმით, საქართველო დღეს ენერგეტიკული გამოწვევის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც დადებითად აისახება არა მხოლოდ დარგის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დღეს საქართველო ენერგეტიკულად დეფიციტური ქვეყანაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ენერგორესურსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო გავხდეთ. მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურება განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა, რომლის ფარგლებშიც პირველი აუქციონი წარმატებით ჩატარდა, მეორე კი მალე გამოცხადდება.
„დარწმუნებული ვარ, მეორე აუქციონიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას არა მხოლოდ ახალ სიმძლავრეებს შემატებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობისთვე, აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, მოხდა როგორც სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამება, ასევე არსებული პროექტებისა და მემორანდუმების მიმოხილვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში კომუნიკაციის როლსა და მნიშვნელობაზე, რაზეც დეტალურად ისაუბრა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილე კომპანიებმა მოისმინეს, წარმატებული კომუნიკაციის მიმართულებით, ბახვი ჰესის პოზიტიურო გამოცდილების შესახებ. ასევე, USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა, რობ ტეილორმა, დამსწრე საზოგადოებას განახლებადი ენერგიების გენერაციის პროექტების განხორციელებისას, კომუნიკაციის მნიშვნელობის საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრაში მონაწილე კომპანიები.
„სასიხარულოა, რომ ენერგეტიკის დარგში სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენცია, რომელიც უკავშირდება სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს 300 მეგავატი სიმძლავრის პროექტები გარანტირებული ტარიფით, რაც ამ დარგის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, როგორც შეხვედრაზე ჩვენთვის გახდა ცნობილი, უახლოეს მომავალში იგეგმება ელექტროენერგიის წარმოების დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება.
აქვე მიგვაჩნია, რომ ამ პროცესების ეფექტიანად წარმართვისთვის, აუცილებელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და თემებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა პროექტების განხორციელებისას შევძლოთ ადგილობრივ მოსახლეობას კარგად და ნათლად ავუხსნათ, თუ რაოდენ კრიტიკულია ამ ტიპის პროექტების რეალიზაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევებში მოვიპოვოთ პოზიტიური და სამართლიანი განწყობა მათი მხრიდან“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.