თბილისის მერმა კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილზე ტრაგედიის დროს დაღუპული პირების ნათესავები და სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.
კახა კალაძის თქმით, დღეს იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რაც 8 წლის წინ სტიქიამ ქალაქს მიაყენა, ძალიან რთულია. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
„2015 წლის 13 ივნისი არის დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა. გვახსოვს, თუ რამხელა დარტყმა მიიღო დედაქალაქმა. გარდაიცვალა უამრავი ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა. დღეს რთულია სიტყვებით გადმოცემა იმ დარტყმისა, რასაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობდა. ერთადერთი კარგი რამ ახალგაზრდა ადამიანების გამოჩენა და ერთობა იყო. მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც აღდგენით სამუშაოებში ჩართული იყო. ამ დღეს დიდი და პატარა არ არსებობდა, ყველანი ერთიანი ვიყავით და ერთიანი ძალისხმევით ვებრძოდით სტიქიას”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 13 ივნისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი ტრაგედიაა.
„პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ ტრაგიკულად იმსხვერპლა. მინდა ეს დღე გავიხსენო და თან აღვნიშნო ის ახალგაზრდები, რომლებიც გაერთიანდნენ და შედეგად შეუძლებელი შეძლეს. ასევე, მინდა გავიხსენო ის მაშველები, რომლებმაც იმ დღეების განმავლობაში საოცრებები ჩაიდინეს.
მინდა ეს მოუშუშებელი ტკივილი სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო და ვისურვო, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში აღარ განმეორდეს”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცნობისთვის, დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.