თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფოსთა სტუდენტური კონფერენცია „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“ გაიმართა, რომელიც თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რიგით მეექვსე ყოველწლიური სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ისეთი თემები როგორიცაა: „სახელმწიფოს რაციონალურ-ეთიკური წარმოშობა გეორგ ვილჰელმ ჰეგელის „გონის ფილოსოფიაში“; „ანტინატალიზმი“; „რასიზმის პოლიტიკური და მორალური განზომილება“; „აპოლონის კულტი - ფილოსოფიურ-ზნეობრივი პორტრეტი“; „ომის ორი განსხვავებული მორალურ-ფილოსოფიური გაგება.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული, თსუ-ის პროფესორი დემურ ჯალაღონია, თსუ-ის პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.