დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ გარკვეულ ტერიტორიაზე მშენებლობები ქალაქის განვითარებასა და კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, ამ ტერიტორიის განაშენიანება მოხდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის, რომ ზოგ ტერიტორიაზე მშენებლობები ზუსტად ისეთივე ინტენსივობით მიმდინარეობს, როგორც ეს 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამდე ხდებოდა, განპირობებულია იმით, რომ გარკვეულ არეალებს განვითარების ის შესაძლებლობები დაუბრუნდათ, რაც სტიქიამდე ჰქონდათ.
„სადაც მშენებლობა შესაძლებელია და ეს ქალაქის განვითარებასა და კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, განაშენიანება ყველგან მოხდება.
როდესაც ვერეს ხეობის ტრაგედია მოხდა, განისაზღვრა ადგილები, სადაც მშენებლობები არ შეიძლებოდა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამის უწყებებს დაევალათ, რომ კონკრეტული პროექტები განეხორციელებინათ ვერეს ხეობაში იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება გამარტივებულიყო. ამის შემდეგ გარკვეული არეალები კვლავ გამოთავისუფლდა და მათ დაუბრუნდათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც მანამდე ჰქონდათ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.