საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით შემუშავებულ თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, კარლო კოპალიანმა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მოაწერეს.
სტუ-ის კანცლერის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, თანამშრომლობის დოკუმენტი, ასევე, სტუდენტებში მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში უნივერსიტეტის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამონაწილეობისა და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს მოიცავს.
„მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ხელს შეუწყობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების სწავლებას. მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი სტუდენტური შემოქმედებითი აქტივობები და სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები დაიგეგმება. გარდა ამისა, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ხელს შეუწყობს საველე პრაქტიკების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმი, ასევე, საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაში თანამშრომლობას გულისხმობს. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც სტუდენტებს პროფესიულად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს. მინდა მადლობა გადავუხადო მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ამ ინიციატივისა და თანამშრომლობისთვის, ჩვენს სტუდენტებს კი წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ამავე დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.