ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ იდეატორთა/STEM და მკითხველთა კლუბების პროექტების შეჯამება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ მენეჯერი ბსუ-ში, ასოცირებული პროფესორ ნანა მაკარაძე. პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე განხორციელებული პროექტები.
„კლუბები აჭარისა და გურიის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 10 სკოლაში ჩამოყალიბდა, თითოეულ კლუბში გაწევრიანდა IV-VI კლასის მოსწავლეები. კლუბების ფუნქციონირებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამის ტრენერები და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
იდეატორთა და მკითხველთა კლუბები ითვალისწინებდა უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. კლუბები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა. მოსწავლეებმა ერთად შეარჩიეს პრობლემა და აქტიურად ითანამშრომლეს მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად.
პროექტებში მონაწილეობდნენ შემდეგი სკოლები: სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლა; - თემატიკა - „მოგზაური“; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლა; თემატიკა - „ჩირუხის ყვავილები”; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა; თემატიკა -,,კერკი და ბავშვები“; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლა; -„მომავლის სხივები“; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა; თემატიკა - ,,სამნაწილიანი ტურისტული ნაგებობა“; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა; თემატიკა „წიგნი ჩვენი მეგობარია“; რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა; თემატიკა „ჩვენ გვიყვარს კითხვა“; ქალაქ ბათუმის №27 საჯარო სკოლა; - თემატიკა - „მწიგნობრები“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა. თემატიკა - „ფურცელ ფურცელ შეგროვილი ცოდნა“; ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლა; - „წიგნის კვალდაკვალ“.
თავისი ბიზნეს-საქმიანობის მოსწავლეებისთვის გასაცნობად და პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა შემდეგი ორგანიზაციები: შპს „ნეოფარმი“ (აფთიაქების ქსელი), ხილის საწარმო „კერკი“, „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგური“, სასტუმრო და რესტორანი „შატო ივერი“, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელი „პროგრესი“. „კითხვის კლუბების“ სპონსორებია გამოცემლობა „წიგნები ბათუმში“, აჭარის მწერალთა სახლი და საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების სადისტრიბუციო კომპანია,, პროვაიდერ.ჯი“.
ბსუ 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოს საჯარო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კლუბის (იდეატორთა კლუბი/STEAM კლუბი/წიგნის მეგობარი/მკითხველთა კლუბი) ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას.
იდეატორთა კლუბის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.