„არემჯიმ“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს საველე და ლაბორატორიული ინვენტარი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს „არემჯისგან“ საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცა. ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, „არემჯი“ რამდენიმე წელია, სტუ-ს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში აქტიურად არის ჩართული.

„გარდა სტუდენტთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია უნივერსიტეტის ლაბორატორიების თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვა. ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი დანადგარები გადაეცა როგორც გამდიდრების, ასევე გეოტექნიკური და გეოლოგიური მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ლექტორებს საშუალება ჰქონდეთ ახალი ტექნიკა-აპარატურით იხელმძღვანელონ და სტუდენტებს თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებზე გაუზიარონ ცოდნა,“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.

კომპანიის ცნობითვე, „არემჯისა“ და სტუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტისთვის გადაცემული ინვენტარის გამოყენება სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ზემოაღნიშნულის გარდა, უნივერსიტეტს ფინანსური მხარდაჭერა გაეწია, რომელიც კვლევისათვის საჭირო სხვადასხვა ხელსაწყოების შეძენას მოხმარდება.

„ძალიან დასაფასებელია, რომ „არემჯი“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გვერდში უდგას, როგორც სტუდენტების პროფესიული მხარდაჭერით, ისე - უნივერსიტეტის ტექნიკური ბაზის განახლებით. ჩვენი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების კვლევებისთვის აქტიურად ვიყენებთ გასულ წელს გადმოცემულ ინსტრუმენტებს, დღეს გადმოცემული ინვენტარი კი - ნიმუშების დასამუშავებელი ხელსაწყო და ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი ძალიან დაგვეხმარება სასწავლო პროცესში, ლაბორატორიული სამუშაოების დროს და კვლევით ნაწილში,“ - აღნიშნა გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოდარ ფოფორაძე.

დღის დასასრულს უნივერსიტეტში 3D გეოლოგიური მოდელირების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. 3D გეოლოგიური მოდელირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებული „არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის“ საბაზისო კურსია, რომელიც სტუ-ში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კურსი, რომელიც 15 სტუდენტმა წარმატებით გაიარა, თანამედროვე გეოლოგიურ პროგრამების შესწავლას ითვალისწინებდა. სტუდენტებმა საბოლოო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს წარუდგინეს.

„გეოლოგიური მოდელის და ტოპოგრაფიული ზედაპირის შექმნა, ჭაბურღილების აგება და მათი მეშვეობით მადნიანი სხეულების ფორმირება ის რამდენიმე მიმართულებაა, რაზეც სტუდენტები ამ პროგრამის მეშვეობით მუშაობდნენ. 3D გეოლოგიური მოდელირების ცოდნა დღეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ძალიან საჭიროა, ამასთან კი სტუდენტებს ეხმარება სწავლის პერიოდში დამოუკიდებლად დაამუშაონ გეოლოგიური ინფორმაცია და თემები,“ – განაცხადა კურსის ხელმძღვანელმა, „არემჯის“ რესურსების გეოლოგმა, ბადრი გოგიამ.

კომპანიის ინფორმაციითვე, „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეხუთე წელია ინერგება და ხორციელდება სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად საჭირო ინიციატივები, რომელთა შორისაცაა „არემჯის“ სტიპენდიატების პროგრამა, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა და საზაფხულო სკოლა. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს და მნიშვნელოვნად მონაწილეობს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიული ბაზების განახლებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით