ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის, ბრალდებულ გიორგი ვახტანგაშვილის განცხადებით, ის მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. შესაბამისი პოზიცია ვახტანგაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას დააფიქსირა.
როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ტექნიკურ ზედამხედველობას მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორია ახორციელებდა.
ვახტანგაშვილის თქმით, შავი ფერის მილების შეფუთვის სამუშაოების ჩატარების ბრძანება მას არ გაუცია და ამის შესახებ მისთვის ტრაგედიის შემდეგ გახდა ცნობილი.
ბრალდებულის თქმითვე, ხელშეკრულების მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.
კითხვაზე, ჩატარებული სამუშაოების მიღების უფლებამოსილება ჰქონდა თუ არა, ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ - არა.
ბრალდებულის თქმითვე, პროექტს მიღმა დავალება არავისთვის მიუცია.
ამასთან, ვახტანგაშვილის თქმით, ხარისხის კონტროლი „გრინსერვისს პლუსს" ევალებოდა და არა მას.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).