პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლების თანადგომა“ ორგანიზებით შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სიმონ პეტრიდისის განცხადებით, მნიშვნელოვანია შშმ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ და წარმოაჩინონ ის, რისი შექმნაც შეუძლიათ და სწორედ ეს არის, ალბათ, კანონმდებლობის რეალურად განხორციელების ერთერთი წინაპირობა.
,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოსთვის მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებდა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების ანალიზს და მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ პოზიტივსაც და ნეგატივსაც, რაზეც ამ შეფასებებში იყო საუბარი, პოზიტიურად შეფასდა 2014 წელს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ გატარებული პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე პოზიტიურად შეფასდა ის, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ამ კონვენციის შესრულებას, თუმცა ამავდროულად იყო საუბარი ნეგატივზეც და მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა დისკრიმინაციისგან შშმ პირების დაცვაზე, ყურადღება გამახვილდა ქმედითუნარიანობის რეფორმის პრობლემებზე და საბოლოო ჯამში, ხაზი გაესვა იმას, რომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ შშმ პირებმა შეძლონ მეტი მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესებში, რომლებიც ეხებათ მათ გადაწყვეტილების მიღების დროს“, - განაცხადა პეტრიდისმა.