საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორმა მამუკა თედიაშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ამავე დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე, საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
სტუ-ის კანცლერის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა ერთობლივად და აქტიურად ითანამშრომლებენ ახალგაზრდა თაობის სწავლებისა და მათ პროფესიონალებად ფორმირების პროცესში სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.
როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი და სკოლა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით, სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული ღირებულებების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის საკითხებზე.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულება საჯარო სკოლის მოსწავლეებში STEM-მეცნიერებების, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების შესწავლის სურვილის ამაღლებაა. ამდენად, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოცაა. უნივერსიტეტი და სკოლა მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ვითანამშრომლებთ ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკის, კვლევითი პროგრამების შემუშავებისა და მათი სასწავლო პროცესში დანერგვის მიმართულებით. ასევე, წავახალისებთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ-სამეცნიერო პერსონალს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი ფორმატის შეხვედრებს, ხელს შევუწყობთ სპორტული შეჯიბრებების, ინტელექტუალურ-გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ვფიქრობთ, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლას, დირექტორს, პედაგოგებს და მოსწავლეებს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ერთობლივად დაგეგმავენ სემინარებსა და ახალგაზრდულ კონფერენციებს, აგრეთვე, შეიმუშავებენ სტაჟირების პროგრამებს სწავლების მეთოდების სრულყოფა-განვითარების პრობლემურ თუ აქტუალურ საკითხებზე.
სტუ-ის ინფორმაციით, თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერამდე, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა - უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები და უნიკალური საუნივერსიტეტო მუზეუმები გააცნეს.