სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელი ანნ მონტავონი ესწრებოდა.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორც მისი შემდგომი ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, ასევე მრავალწლიან მოლოდინსა და გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების თანადგომის თვალსაზრისით.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად მიმდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები.
უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლები თბილისიდან, გორიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან. ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.
„საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის და მოძიების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური როლი ენიჭება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, მათთან ინტენსიურ კომუნიკაციას, ინფორმირებას პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე და, რა თქმა უნდა, მათ თანადგომას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ოჯახების წარმომადგენლებთან, რომელზეც პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილი სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვასთან ერთად, ჩვენ გავეცანით მათ მოსაზრებებს და ვიმსჯელეთ პროცესში მათი შემდგომი ეფექტიანი ჩართულობის გზებზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას ამ მიმართულებით, როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასევე პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულ სხვა აქტორებთან ერთად,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.