საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამდღიან თემატურ გამოფენაში - „გზა ოცნებიდან რეალობისკენ“ - ფაკულტეტის მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.
სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, მოდიფიცირებული პროგრამა - მოდის დიზაინის ტექნოლოგიები - ახალი, ინოვაციური მიმართულებაა. პროგრამამ აკრედიტაცია ერთი წლის წინ გაიარა და მას საქართველოში ანალოგი არ აქვს. გამოფენაში მონაწილეობა 39-მა სტუდენტმა მიიღო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შედეგი, იმდენად, რამდენადაც ეს გამოფენა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პირველი წარდგენაა. სტუდენტებმა აქტუალური თემები შეარჩიეს და რაც მთავარია, ეს არის თითოეული მათგანის ხედვა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, ნამუშევრებში ბევრი ფანტაზია და სიახლეა, თითოეული მათგანის განხორციელება შესაძლებელია. სწორედ ეს შედეგი გვაფიქრებინებს, რომ მიზანი მიღწეულია. შედეგი აშკარაა და პროგრამამ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გაამართლა. აკრედიტაციიდან ერთ წელიწადში, მოდიფიცირებული პროგრამის სტუდენტები უახლეს მეთოდებს იყენებენ ნამუშევრების შესაქმნელად, ეს არის პროფესიაში წარმატებისკენ გადადგმული პირველი და საფუძვლიანი ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროგრამამ და სწავლა-სწავლების ინოვაციურმა მეთოდიკამ გაამართლა“, - აღნიშნავს ნინო იმნაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსში“, მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებმა რამდენიმე, განსხვავებულ საგამოფენო სივრცეში ხელოვნების, ტექნოლოგიების, ინსტალაციის და ინოვაციების სინთეზით შექმნილი, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ნამუშევრები წარადგინეს. როგორც მესამე კურსის სტუდენტი, ბაკალავრი თამარ ხვინგია ამბობს, სტუდენტებმა ნამუშევრების შესაქმნელად სამი ფერი გამოიყენეს და თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს.
„ჩვენ შევძელით პირველი, მოკრძალებული, მაგრამ ამავდროულად, დიდი ნაბიჯი გადაგვედგა ჩვენი ოცნებისკენ. გამოფენა ერთგვარი ნახტომია ჩვენს შემოქმედებით ცხოვრებაში. პროექტში ასახულია ჩვენი გზა - ოცნებებიდან მიზნებამდე, აწმყო, რომელსაც ახლა გავდივართ და ამ ოცნებისკენ ვისწრაფვით, ვსწავლობთ, ვვითარდებით, ვიზრდებით და უფრო მეტად ვუახლოვდებით ჩვენს ოცნებას და ბოლოს - ჩვენი მომავალი! გზა, რომელსაც ჯერჯერობით, მხოლოდ გონებაში წარმოვიდგენთ და გულისცემას გვიჩქარებს. გულიდან წამოსული ფერები ასახავს ჩვენს გრძნობებს, „ყვითელი“ ბავშვობას უკავშირდება, იმედსა და ოპტიმიზმს. „წითელი“ ჩვენს ვნებას გადმოსცემს აწმყოსთან დაგავშირებით - გვინდა შეგვამჩნიონ, ყურადღება მივიპყროთ. „იისფერი“ კი, ჩვენი მომავალივით მისტიკურია და ჩვენს მოლოდინებს გამოხატავს“, - განაცხადა თამარ ხვინგიამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გალერეა „უნივერსში“ მესამე დღეა მიმდინარეობს, დღეს დაიხურება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტურმა გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.