ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი - ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ჩამოერთვათ თავისივე მოწმეების გამოძახებისა და ისეთივე პირობებში დაკითხვის უფლება, როგორშიც ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +“-ის ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ დაცვის მხარეს საკუთარი მოწმეების დაკითხვის უფლება ჩამოართვა და საშუალება არ მისცა, რომ მომხდარის საკუთარი ვერსია ეჩვენებინათ. ამის შესახებ მათ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე თქმით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ ცუდი მოლოდინი აქვთ.

„ბოლო პერიოდში, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში სასამართლოში ბრალდების მხარის, პროკურატურის მოწმეები იკითხებოდნენ. 9 ივნისს პროკურორმა განაცხადა, რომ მან „გრინსევრისის“ თანამშრომლებისა და კიდევ 6 პირის ბრალდების საქმეზე მტკიცებულების წარმოდგენა დაასრულა. მოსამართლე კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, ადვოკატებს უფლება ჩამოგვერთვა, რომ სასამართლოში დაცვის მოწმეები წარგვედგინა და დაგვეკითხა იგივე პირობებში, რა პირობებშიც ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. 23 მარტს პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად უნდა დაესრულებინა; ის არ დაუშვებდა, რომ ბრალდებულების მიმართ 9-თვიანი საპატიმრო ვადა ამოწურულიყო, რომელიც 18 ივლისს იწურება. პროკურატურას 50-ზე მეტი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი დასაკითხ პირთა სიაში. მოსამართლის პირველივე განცხადებით, განაჩენის გამოსატანად ამ საქმეზე 15-20 მოწმის დაკითხვა საკმარისი იყო“,- განაცხადა „გრინსერვის+“-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლომ არ დაკითხა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლისგანაც „გრინსერვის+“-მა შადრევნის მაკომპლექტებელი მოწყობილობები შეიძინა.

„სასამართლო განხილვების დროს პროკურატურამ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა შადრევნის მოწყობილობების მონტაჟის ავტორი ინჟინრისა ან ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის იდენტიფიცირებისათვის, დაკითხვისათვის და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, „შესრულებულ სამუშაოებზე მუნიციპალური ლაბორატორია ეტაპობრივად ახორციელებდა კონტროლს - მისი გაცემული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ სამუშაოები შესაბამისობაში იყო მოქმედ ნორმებთან და უსაფრთხოების წესებთან“.

ამასთან, მისივე თქმით, ობიექტზე ტრაგედიის დროს სხვადასხვა კამერა სხვადასხვა დროს ითიშება, რაც დენის გათიშვის გამო ვერ მოხდებოდა. ეს კი, როგორც მან განაცხადა, ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ ვიდეოჩანაწერებში „ხელოვნურად ჩაერივნენ“.

„ობიექტზე სხვადასხვა ვიდეოკამერა სხვადასხვა დროს ითიშება და ამ დრომდე ეს გარემოება ბრალდებულების საწინააღმდეგოდაა განმარტებული. თუ დენის გათიშვის გამო აღარ იწერდა კამერები, როგორც ამას ოფიციალურად გვეუბნებიან, მაშინ რით აიხსნება ის, რომ სხვადასხვა კამერა სხვადასხვა დროს ითიშება? ეს გვაფიქრებინებს, რომ ვიდეოჩანაწერში ხელოვნურად ჩაერივნენ - იმ მიზნით, რომ პროკურატურის ვერსიას და იმ ბრალდებას საფრთხე არ დამუქრებოდა, რომელსაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან და რომელზედაც დიდი ალბათობით შეკვეთაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, „მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ჩამოერთვათ თავისივე მოწმეების გამოძახებისა და ისეთივე პირობებში დაკითხვის უფლება, როგორშიც ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ“.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება