„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანია კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ საჭიროა საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის აღმოფხვრა, დასაქმებულების მიერ წარმომადგენლების დანიშვნა და მხარეებს შორის მედიაციის პროცესის გაგრძელება

დასაქმებულების მხრიდან არ ხდება „შრომის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, ირღვევა პროფკავშირებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, - ამის შესახებ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე თქმით, საჭიროა, საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის აღმოფხვრა, დასაქმებულების მიერ წარმომადგენლების დანიშვნა და მხარეებს შორის მედიაციის პროცესის გაგრძელება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფეროშენადნობთა და მანგანუმშემცველი ნედლეულის ბაზარზე განვითარებულმა კრიზისულმა ფაქტორებმა, განაპირობა სარეალიზაციო ფასების და მოცულობების მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ, ფეროსილიკომანგანუმის ფასმა პროცენტულ გამოხატულებაში ევროპის ბაზარზე 41%-ით ხოლო აშშ-ს ბაზარზე 50%-ით დაიკლო. რაც შეეხება აფრიკული მანგანუმის კონცენტრატს, კლებამ ერთ წლიან ჭრილში 26% შეადგინა.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთადერთ საექსპორტო პროდუქტს ამ ეტაპზე ფეროსილიკომანგანუმი წარმოადგენს, კომპანია დადგა საკმაოდ მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მთლიანად ჰოლდინგში ოპერირების გაგრძელების ეკონომიკური მიზანშეწონილობა. გამომდინარე რეგიონის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის წარმოების მნიშვნელობისა, კომპანიამ შეიმუშავა კრიზისის მართვის გეგმა, რათა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ჰოლდინგში დასაქმებულთა ინტერესები და ფინანსური კეთილდღეობა. ამ გეგმის ფარგლებში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შენარჩუნდა საწარმოო სიმძლავრეების დატვირთულობა, ხოლო 2023 წლის 1 თებერვლიდან ჭიათურის საწარმოო ობიექტები პროფკავშირთან შეთანხმებით გადავიდნენ დროებით სამუშაო რეჟიმზე, რომლის ფარგლებში:

  • შეჩერდა მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გამდიდრების, ასევე ამ პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოები;
  • დასაქმებულთათვის შენარჩუნდა ხელფასის 60% (დაახლოებით 6 (ექვსი) მილიონი ლარი თვის განმავლობაში), რაც სრულად თანხვედრაშია პროფკავშირებთან გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებასთან;
  • დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრებისთვის შენარჩუნდა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები (დაზღვეულთა საერთო რაოდენობა ჯამურად 14,272 დაზღვეული, მათ შორის ჭიათურის ნაწილში - 9,321 დაზღვეული);
  • დროებით შეჩერდა სახელფასო ავანსების ფარგლებში გადასახდელი თანხის დაქვითვები (ჯამურად 300 დასაქმებული, თანხობრივად - ყოველთვიურად 109,479.62 ლარი);
  • კომერციულ ბანკებთან შუამდგომლობას შედეგად გადავადდა დასაქმებულთა პირადი საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ დროებითი სამუშაო რეჟიმის განმავლობაში, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 4.5 თვეა გრძელდება, კომპანია და შეჩერებულ ობიექტებზე ოპერირებადი ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობდნენ სხვადასხვა გზებით საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებას, რათა კომერციულად გაუმართლებელი ოპერირების პერიოდში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ზემოთ აღწერილი პუნქტების შესრულება. აღნიშნულის მიღწევა ძირითადად ხდებოდა კომერციულ ბანკებში საბრუნავი სახსრების დასაფინანსებლად ფინანსური რესურსების მოძიებით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას არც დროებითი სამუშაო რეჟიმის განმავლობაში და არც შექმნილი მიმდინარე გარემოებების ფონზე არც ერთ ეტაპზე არ შეუჩერებია სპეციალური მართვის რეჟიმის ფარგლებში სპეციალურ მმართველზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და დღემდე აქტიურად მუშაობს დასახული ამოცანების და გეგმების ჯეროვანი შესრულებისთვის.

ზემოთ აღწერილ ფინანსურ სირთულეებს, ჭიათურის საწარმოო ობიექტებთან მიმართებით არსებითად ამძიმებს ადგილობრივი მადნის თვითღირებულების გაუმართლებლად მაღალი ნიშნული, რაც ნათლად ჩანს ქვემოთ მოცემულ შედარებით ანალიზში. შედარებისთვის გამოყენებულია ჭიათურის მადნის ჩამნაცვლებელი პროდუქტი - აფრიკული მადანი.

დღეის მდგომარეობით CRU weekly კოტირების მიხედვით 1 ერთეული მანგანუმის ფასი ტონა კონცენტრატში, CIF Batumi ბაზისზე შეადგენს 3.82 აშშ დოლარს, რაც ტრანსპორტირების გათვალისწინებით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნამდე 4.26 აშშ დოლარია;

ჭიათურაში საკუთარი წარმოების მანგანუმის კონცენტრატის თვითღირებულება 9 აშშ დოლარს აღწევს 1 ერთეულ მანგანუმზე, 1 ტონა პროდუქციის ზესტაფონში ტრანსპორტირების ჩათვლით.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 166,000 ტონა ჭიათურის წარმოების მანგანუმის კონცენტრატს მოიხმარს.

თუ დავუშვებთ რომ მოხმარებულ კონცენტრატში მანგანუმის საშუალო შემცველობა 37%-ს შეადგენს, აფრიკულ პროდუქციასთან მიმართებით ვიღებთ შემდეგ შედარებას (ასევე მოცემულია წინა ორი წლის ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაციაც):

როგორც ეს ზემოთაც არის აღნიშნული 2022 წლის მეორე ნახევრიდან შექმნილი ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად, ჭიათურაში დაწესდა დროებითი სამუშაო რეჟიმში, რომელიც ცხადია ვერ იქნება განხილული, როგორც პრობლემის გადაჭრის გრძელვადიანი მექანიზმი და მით უფრო პროდუქციის მაღალი თვითღირებულებით განპირობებულ ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრასთან მიმართებით, როდესაც ბაზარზე ხელმისაწვდომია თითქმის ორჯერ იაფი ალტერნატივა.

ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგას გადაუდებელი აუცილებლობა ჭიათურის საწარმოო ობიექტებზე განხორციელდეს ოპერირების ოპტიმიზაცია, რომელიც გაზრდის საწარმოო პროცესების ეფექტიანობას, შესაბამისად უზრუნველყოფს კონცენტრატის თვითღირებულების შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ცვლილებები დამატებით განპირობებულია შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე და შესაბამისად შრომის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით (8 საათიანი სამუშაო დღე). დამატებით აღსანიშნავია, რომ მოცემული მიმართულებების სწორი გეგმარების, მათ შორის ადამიანური რესურსის განაწილების და საწარმოო ციკლში არსებული ნაკლოვანების გამოვლენის მიზნით პროცესში განხორციელდა შესაბამისი პროფილის მქონე უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. მოცემული პირების მიერ გაცემული რეკომენდაციების და აუცილებელი ეკონომიის გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნა ოპერირების ახალი პირობები, როგორც საწარმოო, ისე სამუშაო ძალის მიმართულებით, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება წარმოებული კონცენტრატის თვითღირებულების დაახლოებით 2 აშშ დოლარით შემცირება ერთ ერთეულ მანგანუმზე 1 ტონა პროდუქციაში, რაც კომპანიას წლის განმავლობაში დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარით შეუმცირებს იმ ეკონომიკურ ზარალს რაც წინა პუნქტში მოცემულ კალკულაციაშია აღწერილი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შემუშავებული ახალი ოპერირების პირობებში, ზემოთ მითითებული ფინანსური ეფექტის მიღება, კერძოდ, წლის განმავლობაში ეკონომიკური ზარალის 12 მლნ აშშ დოლარით შემცირება. აღნიშნულის მიუღწევლობის შემთხვევაში ჭიათურაში ოპერირებადი კომპანიები აღმოჩნდებიან კიდევ უფრო გადაულახავი ფინანსური პრობლემების წინაშე, რომელიც შეუძლებელს გახდის საკმაოდ პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის წლების განმავლობაში, მხარეთა დაუღალავი შრომისა და ეფექტური თანამშრომლობის პირობებში, პროფკავშირებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებების დაცვას.

ოპერირების ოპტიმიზირებულ პირობებზე ჩამოყალიბების შემდგომ დაიწყო საკონსულტაციო სამუშაოები სამიზნე დასაქმებულებთან და მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან მოყოლებული, ინდივიდუალურად გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განხორციელდა ცვლილებების განმაპირობებელი გარემოებების თაობაზე დასაქმებულებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ახალი სამუშაო პირობების შინაარსის განმარტება. თუმცა, მიუხედავად კომპანიის უმთავრესი მიზნისა, რომ დროებით შეჩერებულ ობიექტებზე სამუშაო პროცესები აღდგენილიყო სრულად და შესაბამის დასაქმებულებს შენარჩუნებოდათ დასაქმების ადგილები, ზემოთ მოცემული შეთავაზება ე.წ. ვახტებზე დასაქმებული პირების მიერ უარყოფილ იქნა. გამოთქმული პრეტენზიების განხილვის და შესაძლო გამოსავლის მოძიების მიზნით ე.წ. ვახტებზე დაიგეგმა მუშაობის სატესტო მოდელი, გაღებულ იქნა დამატებითი ფინანსური ხარჯი ქრონომეტრაჟების ჩასატარებლად. ქრონომეტრაჟით დადგენილი ფაქტების ანალიზისთვის შედგა სამუშაო ჯგუფი და საბოლოო შედეგების გაცნობა ფაქტობრივად ინდივიდუალურ საწყისებზე კვლავ განხორციელდა დასაქმებულებთან.

თუმცა, მიუხედავად კომპანიის მიერ გადადგმული არაერთი შემხვედრი ნაბიჯისა და მცდელობისა, რომ ე.წ. ვახტის დასაქმებულების მიერ წამოჭრილი საკითხები განხილულიყო მოლაპარაკებების ფორმატში, ე.წ. ვახტებზე დასაქმებულების ნაწილმა 2023 წლის 6 ივნისის ღამის ცვლაში მუშაობაზე უარი განაცხადა. მომდევნო დღეს კი კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართულ აღნიშნულ განზრახ ქმედებას ვახტების სხვა ცვლებმაც მიმართეს, რამაც შედეგობრივად 2023 წლის 7 ივნისს ჭიათურის ოპერირებადი ყველა ობიექტის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების მხრიდან არ ხდება შრომის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, ირღვევა პროფკავშირებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მეორეს მხრივ საგულისხმოა, რომ ჭიათურაში ოპერირებადი კომპანიების მიერ პროფკავშირთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებულმა ფინანსურმა დანახარჯებმა 2022 წლის განმავლობაში შეადგინა დაახლოებით 11,821,737 ლარი (ინდექსაციის დანამატი: 7,759,436 ლარი; ღამის საათების ანაზღაურების დანამატი: 2,469,857 ლარი; სადღესასწაულო დღეებში მუშაობის დანამატი: 73,306 ლარი; ზეგანაკვეთური ანაზღაურების დანამატი: 426,000 ლარი; პრემია სადღესასწაულო დღეებისთვის: 925,638 ლარი; სხვა ხარჯები პროფკავშირთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში: 167,500 ლარი). აღსანიშნავია, რომ მოცემული კომპანიები მიუხედავად ფინანსური კრიზისისა განუხრელად იცავენ და პასუხისმგებლობით ეკიდებიან აღნიშნული კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ამასთან, არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, იმისა რომ იგივე დამოკიდებულებით და პასუხისმგებლობით იქნება განმსჭვალული თითოეული დასაქმებული, კოლექტიური ხელშეკრულებებით დასაქმებულთათვის გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, 2023 წლის 8 ივნისიდან კომპანია ცდილობს მიმდინარე მოვლენების დასტაბილურებას და აქტიურად ჩართულია მედიაციის პროცესში.

ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ საჭიროა საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის აღმოფხვრა, დასაქმებულების მიერ წარმომადგენლების დანიშვნა და მხარეებს შორის მედიაციის პროცესის გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის