2023 წლის გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მუშაობა დასრულდა

2023 წლის გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მუშაობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელიც „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით თბილისში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური გლობალური ფორუმია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

„ორი დღის განმავლობაში მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, 62 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელმა და დისტანციურად 1000-მდე მონაწილემ განიხილა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სისტემების წინაშე მდგარი ამოცანები, მათი გადაჭრის გზები და მიზნები. მუშაობის პროცესში, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რაც ასევე მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე აისახება.

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტიანი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების, ასევე მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების განვითარების კუთხით. გეოგრაფიული აღნიშვნების წარმოშობა კონკრეტულ ადგილს უკავშირდება და მაღალი ხარისხით, განსაკუთრებული თვისებებითა და რეპუტაციით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ამ ადგილის კლიმატური პირობებით, ნიადაგით, ადგილობრივ მოსახლეობაში საქონლის წარმოების ტრადიციული ცოდნითა და გამოცდილებით. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარება, ქვეყანაში, რომელიც მდიდარია სხვადასხვა უნიკალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით და მათი წარმოების თვითმყოფადი ტრადიციებით.

გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკის გათვალისწინებით, სიმპოზიუმის პანელურ დისკუსიებზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგიები და ტურიზმის სექტორის განვითარება გეოგრაფიული აღნიშვნების წარმოშობის ადგილებში. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის წარმატება დიდწილად განპირობებულია ეფექტიანი მმართველობით და დამოკიდებულია ხარისხის კონტროლის სტრუქტურებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიდგომებისა და გამოწვევების გათვალისწინება ამ საკითხთან მიმართებაში.

გარდა ამისა, ერთ-ერთ პანელზე, ლისაბონის სისტემაში შემავალი შერჩეული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში დანერგილ სიახლეებსა და განვითარების თავისებურებებზე იმსჯელეს. წარმოდგენილი და განხილული იყო სხვადასხვა პოზიცია და არგუმენტი. ყურადღება გამახვილდა, ასევე, საერთაშორისო დაცვის მექანიზმებზე.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს ხელმძღვანელი პირები, ევროკომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), კვების პროდუქტების საერთო სახელწოდებების კონსორციუმი (CCFN), გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი oriGIn, ასევე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სიმპოზიუმს, აგრეთვე, ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელი პირები, გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები, წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის