კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსმენელებმა საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
„კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება. შეხვედრის დასასრულს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მსმენელებთან ერთად კონკრეტული საქმეებიც განიხილეს.
ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსმა ბექა ბერიძემ და ანტიკორუფციული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ღელაღუტაშვილმა გახსნეს.
ანტიკორუფციული სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGIII) პროექტის ფარგლებში - „ საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.