ორხევის სოციალურ საცხოვრისი არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება - აქ არიან შშმ პირები, ბავშვები, მრავალსულიანი ოჯახები და მათ ისეთ პირობებში ცხოვრება სჭირდებათ, სადაც ელემენტარულად, ნორმალურად დაძინებას შეძლებენ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ორხევის სოციალურ საცხოვრისის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შენობაში უამრავი პრობლემაა, მათ შორის, გაჩენილია ძალიან დიდი ბზარები.
ლევან იოსელიანის განცხადებით, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლებს ყურადღება და გარემოს მოწესრიგება სჭირდებათ.
„ის პირობები, რა პირობებში აქ ადამიანებს უწევთ ცხოვრება, ნამდვილად არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს. სწორედ ამ საცხოვრისზე არის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი, რომ ის ფართი, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, მათ საცხოვრებელ პირობებთან და სულადობასთან არ არის შესაბამისობაში. უამრავი პრობლემაა აქ, დაწყებული გატიხვრის მასალებით, რომელიც პრაქტიკულად არანაირ იზოლაციას არ უზრუნველყოფს და ოთახიდან ოთახებში ხმაური ჩვეულებრივ გადის და ადამიანურად ვერ ისვენებენ. აქ ძალიან ბევრი ბავშვია, რომლებსაც შესაბამისი გარემო არ აქვთ. რაც მთავარია, აქ მცხოვრებლების განცხადებით, თვითონ შენობა არის ავარიული და ამაზე ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას. ერთი შეხედვითაც ჩანს ძალიან დიდი ბზარები და ვნახოთ, რას იტყვის ექსპერტიზა. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება, გარემოს - მოწესრიგება. ამ ადამიანებს სჭირდებათ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც ელემენტარული ნორმალურად დაძინებას შეძლებენ. აქ არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ბავშვები, მრავალსულიანი ოჯახები და ამ პირობებში მათი ყოფნა ნამდვილად არანაირი სტანდარტში არ ჯდება“, - განაცხადა იოსელიანმა.