საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2022-2023 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა გაცილებას მასშტაბურ ღონისძიებათა ციკლით გეგმავს, რომელიც ხვალ, მსოფლიოში ცნობილი ლათინოამერიკელი ჯაზ-მუსიკოსისა და პროდიუსერის, რაულ გუტიერეს ვილანუევას (Raúl Gutiérrez Villanueva) დაუვიწყარი კონცერტით გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, პირველად საქართველოში, აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილი შემსრულებელი, პროდიუსერი, ლეგენდარული პროექტის - Buena Vista Social Club-ის წევრი რაულ გუტიერეს ვილანუევა, კუბელი მომღერალი ადა მარონ პერესი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის განთქმული ორკესტრი - „გეპეის ჯაზი“, მაესტრო ირაკლი კალმახელიძის ხელმძღვანელობით და საუნივერსიტეტო ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსთა მონაწილეობით, 17 ივნისს, 18:00 საათზე, ერთობლივ კონცერტს გამართავენ.
კონცერტი ღია ცის ქვეშ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სივრცეში გაიმართება.
იმავე დღეს, 17 ივნისს, 14:00 საათზე, კონცერტის დაწყებამდე, რაულ გუტიერეს ვილანუევა „გეპეის ჯაზისთვის“ გამართავს მასტერკლასს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში (მე-3 სართული) ჩატარდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მისამართია: მერაბ კოსტავას 77 (სააკაძის მოედნის მიმდებარედ).
სტუ-ის ინფორმაციით, რაულ გუტიერეს ვილანუევას საქართველოში ვიზიტის, მასტერკლასისა და კონცერტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის განვითარების ფონდი, პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი და კომპანია - „კოლხი მედია", დიდ მონაცემთა საერთაშორისო კომპანიასთან - CuGate AG (გერმანია) პარტნიორობით.
როგორც სტუ-ში აცხადებენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კონცერტზე იწვევს ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, და არა მხოლოდ მათ - უნივერსიტეტის ყველა იმ სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელსა და თანამშრომელს, ვისაც უყვარს ჯაზი, ასევე, მუსიკოსებს, შემსრულებლებსა და მელომანებს.
რაც შეეხება ცნობილი ჯაზმენის მასტერკლასს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიწვევით, მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია საქართველოში აკრედიტებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბენდისა და ორკესტრისთვის, ასევე, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი დაინტერესებული მუსიკოს-შემსრულებლისთვის.
სტუ-ის ინფორმაციით, აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილი შემსრულებელი, პროდიუსერი, რაულ გუტიერეს ვილანუევა (Raúl Gutiérrez Villanueva), კუბელ მომღერალ ადა მარონ პერესთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 12 ივნისს ეწვია. რაულ გუტიერეს ვილანუევა საქართველოდან 18 ივნისს გაემგზავრება.