მედიასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „მედიის განვითარება და საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები“ გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ორგანიზებით, ევროპის საბჭოს (CoE) პროგრამის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ, უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს ადელსბახმა შეხვედრა გახსნეს.
ინფორმაციის თანახმად, გიორგი შარაბიძემ 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა. მან კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების ფართო მასშტაბით გამოყენებით ჩატარებული არჩევნებისას მიღებული გამოცდილების, მიგნებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა საარჩევნო გარემოს განვითარებასა და ელექტრონული საშუალებების ფართოდ დანერგვის პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირებაში მედიის განსაკუთრებული როლის შესახებ.
„საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ჩართულ მხარეებთან შეხვედრას იმ მნიშვნელოვანი პლატფორმების მეშვეობით, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა კარგ ტრადიციად. 2024 წლის არჩევნებამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია. შესაბამისად ჩვენ მედიის წარმომადგენლებს ვესაუბრებით იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას, გამოწვევებსა და მიღწევებს ამ პროცესში. ვაცნობთ ამ მიმართულებით შუალედური არჩევნების შედეგებს და ვმსჯელობთ იმაზე როგორ შეიძლება უკეთესად იყოს დაგეგმილი მომავალში“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, მედიასთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით.
„ვფიქრობთ, მედიასთან ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით, რადგან არჩევნებში ჩართული მხარეების მაღალი კვალიფიკაციის, მათი ინფორმირებულობის გარეშე დემოკრატიული არჩევნები წარმოუდგენელია და სწორედ უმთავრესი როლი ამ საკითხში სწორედ მედიას ეკისრება“, - განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.
„კონფერენციის მიმდინარეობისას არჩევნების დროს გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც გაიმართა და მედიის წარმომადგენლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში.
ევროსაბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, რასტო კუზელმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების სანდოობაზე სოციალური მედიის და ციფრული ტექნოლოგიების ზეგავლენის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს პოლიტიკისა და სამართლებრივ ინსტრუმენტებზე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.
კონფერენციის მეორე დღეს მედიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმას, ასევე ცნობიერების ამაღლებისა და ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. გაიმართა დისკუსია საარჩევნო საკითხებზე.
კონფერენცია 15-16 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობას რეგიონული მედიის 25-მდე წარმომადგენელი იღებდა. შეხვედრას მოდერაციას ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია უწევდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.