დღეს სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაფორმდა შეთანხმება სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის ამუშავებასა და ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის მორიგი ხელყოფა და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს.
პაატა დავითაიას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი განცხადება უნდა გაავრცელოს.
„როგორც ცნობილია, სოხუმის აეროპორტი დახურულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO–ს მიერ. სანკტ-პეტერბურგში დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს სამოქალაქო ავიაციასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფო რეჟიმში მოახდინოს რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით და საქმის კურსში ჩააყენოს როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს მკაცრი განცხადების გავრცელება. რუსეთს და სოხუმს შორის ღიად ავიამიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ საქართველომ აღადგინა ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან, არის რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სახელმწიფოს მორიგი უპატივცემულობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი სახით ურთიერთობის დათმობა, რა სახის ეკონომიკური ფაქტორებითაც არ უნდა იყოს ის გამართლებული, იწვევს რუსეთის ხელისუფლების მორიგ პროვოკაციებს. რუსეთი სარგებლობს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს ქვეყანას და აჩვენოს ჩვენი ხელისუფლების სისუსტე.
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს რუსეთს და სოხუმს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სადამსჯელო ღონისძიებად და სასწრაფოდ შეწყვიტოს ცოტა ხნის წინ აღდგენილი ფრენები საქართველოს და რუსეთს შორის”, - აცხადებს პაატა დავითაია.