თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს სტუდენტმა ალექსი კირტავამ განუცხადა, დაპირისპირებისას ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ალექსი კირტავას განმარტებით, ისინი უნივერსიტეტში მივიდნენ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს და თსუ-ს ლექტორს ირაკლი კობახიძეს ბოდიში მოეხადა იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ ახალგაზრდებთან მიმართებით გააკეთა.
„უნივერსიტეტში მივედით ჩვენი თავისუფალი აზრის გამოსახატად. არც დაგვიწყია აზრის გამოთქმა, რა დროსაც, პირდაპირ მუშტები გვირტყეს ბავშვებს. ჩვენც არ ვიცით, ზუსტად ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ჩვენი თანატოლები არიან, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ. შედეგად ჩვენი მეგობარი, ლუკა შველიძე დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუსტად არ ვიცი რა დაზიანებები მიიღო, რადგანაც ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ირაკლი კობახიძემ გააშარჟა სტუდენტების უმრავლესობა და დაგვცინა. ჩვენი პროტესტი დავანახეთ მას, რომ არავის დასაცინები არ ვართ, ყველა ჩვენგანს თავისი ცხოვრება აქვს და პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. მისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვდით”, - განაცხადა ალექსი კირტავამ.
თსუ-ში ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.