მიგვაჩნია, რომ პროფკავშირებისთვის, მაღაროელებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს დამაჯერებელი, ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში მოყვანილ ზარალთან და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, - ამის შესახებ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პროფკავშირები „ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწოდებს, მყისიერად უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარება და რეალური სურათის წარმოჩენა.
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას გვსურს გამოვეხმაუროთ ჭიათურაში მიმდინარე პროცესებსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის 15 ივნისის განცხადებას.
ღირსეული დასაქმება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმუშაოს ღირსეულ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილია სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო და მინიმუმ, მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად აუცილებელი ანაზღაურება. ღირსეული დასაქმების უფლების რეალიზაციისთვის კი უმნიშვნელოვანესია ყველა მხარის აქტიური ჩართულობა.
საზოგადოებისთვის და ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული პირებისთვის ცნობილია, რომ მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, 2021 წელს, ერთი მხრივ, პროფკავშირებსა და მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და შპს „მაღაროელს“ შორის ხელმოწერილ იქნა კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც შემუშავდა დასაქმებულების ჩართულობით და გაფორმდა მათთან შეთანხმებით. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების მიზანი დასაქმებულთა შრომით-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და შემდგომში ჯანსაღი სოციალური დიალოგის წარმოება გახლდათ.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ უარვყოფთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, 2023 წლის 15 ივნისის წერილში მითითებული ოდენობით კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, კომპანიის მხრიდან, დამატებითი ხარჯების გაწევას. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2023 წელს არ მომხდარა კოლექტიური ხელშეკრულების 6.7 პუნქტის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად ხელფასების ინდექსაცია და კოლექტიური ხელშეკრულების 6.6 პუნქტის მიხედვით, სააღდგომო პრემიის გაცემა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით მივიღეთ დაპირება, რომ საწარმოს მუშაობის სრული ციკლის აღდგენისთანავე მოხდება მითითებული ვალდებულებების შესრულება.
მართალია, ჩვენთვის ცნობილია მსოფლიო ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, თუმცა არც მაღაროელები და არც პროფკავშირები არ ვიცნობთ კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, დეტალური წარმოდგენა შეგვქმნოდა განცხადებაში აღნიშნულ კომპანიის ფინანსურ კრიზისზე.
მიგვაჩნია, რომ პროფკავშირებისთვის, მაღაროელებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს დამაჯერებელი, ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში მოყვანილ ზარალთან და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ კომპანიას მყისიერად უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარება და რეალური სურათის წარმოჩენა, რათა მაღაროელებს, პროფკავშირებს და საზოგადოებას გვქონდეს სრული ინფორმაცია შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ჩვენ სრულად გვესმის მაღაროელთა პათოსი და აქვე აღვნიშნავთ, რომ დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებამდე, საუბრები კომპანიის მხრიდან კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუღებელია.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია მოუწოდებს და სთავაზობს სახელმწიფოს კონკრეტულ ინიციატივებს ღირსეული დასაქმების პოლიტიკის შემუშავების მიზნით, აქტიურად აყენებს მოთხოვნებს დასაქმებულთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაზეც რიგ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული მიღწევები. თუმცა, პროფკავშირების მიერ არაერთგზის დაყენებული საკითხი და მოწოდება, უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი გარემო ალტერნატიული დასაქმების ადგილების შესაქმნელად, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ოპერირებს მხოლოდ საჯარო დაწესებულებები და ერთეული კომპანიები, ამ ეტაპზე უგულებელყოფილია.
ვფიქრობთ, 21-ე საუკუნეში ჯანსაღი სოციალური დიალოგის წარმოება ყველა მხარის უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობა ხელს შეუწყობს სტაბილურობაზე, საქმეზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს“,- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.