მოძრაობა "სირცხვილია" - პარლამენტთან ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

დღეს, საქართველოს პარლამენტთან ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. როგორც მოძრაობა „სირცხვილია" სოციალურ ქსელში წერს, აქცია 21:00 საათზე დაიწყება.

„10 ადამიანია, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს. მათ გვერდით სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი და თვალები ამოიკერეს.

შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე ფორმებს და ამ პროცესში „ჯორჯიან მანგანეზისა” და ხელისუფლების პოზიციებსა და ქმედებას რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ.

დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ არსებობისთვის ითხოვენ შველას.

ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა ინტერესებს იცავდეს.

ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ „მედიატორის“ როლში გვევლინება, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო საათების შემცირებისა.

სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის ზრდა და 12 - საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება!

ეს პრობლემები დღეს მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან“, - წერს "სირცხვილია".

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს