კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, გამომდინარე საკანონმდებლო პროექტებთან ერთად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება

კანონის პროექტი სახელწოდებით - „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, გამომდინარე საკანონმდებლო პროექტებთან ერთად პარლამენტშია და ის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობებთან, მეთოდებთან, პროცედურებთან, პირობებთან და ვადებთან, აგრეთვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ტიპებთან, სამედიცინო ტექნოლოგიების დახმარებით რეპროდუქციის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან და მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში არსებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კანონის მოქმედება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება.

კანონპროექტი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საქმიანობების ერთიან ეროვნული რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მონაცემებზე წვდომა შეზღუდული იქნება, ხოლო წვდომის წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საქმიანობა ნებაყოფლობითობისა და უანგარობის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მდრ-ის საქმიანობები ეფუძნება ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმს და სოლიდარობას დონორსა და რეციპიენტს შორის, ხოლო მდრ დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას როგორც ბანკი, არაკომერციულ საფუძველზე უნდა ოპერირებდეს.

შესაბამისად, კანონპროექტის გათვალისწინებით აკრძალულია ფინანსური მოგების ან სხვა სახის მატერიალური სარგებლის მიღება ან შეთავაზება/მიცემა რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონის დონაციის სანაცვლოდ. რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონების დონორები არ უნდა იღებდნენ რაიმე სახის ფინანსურ მოგებას ან სხვა სახის მატერიალურ სარგებელს დონაციის ან სუროგაციის სანაცვლოდ. ასევე, აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედებით/ქსოვილებით ან ემბრიონებით ვაჭრობა, აგრეთვე, მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში იმ რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების გამოყენება, რომლებიც მიღებულია ვაჭრობის შედეგად.

პროექტის მიხედვით, მდრ-თან დაკავშირებული მომსახურება უშვილობის მკურნალობის მიზნით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის, სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ან სამოქალაქო ქორწინებაში არმყოფი წყვილებისთვის, მარტოხელა ქალებისა და მარტოხელა მამაკაცებისათვის, რომელთაც სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლის მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულებას.

საკანონმდებლო პაკეტი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ითვალისწინებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობები 5 000-დან 100 000 ლარამდე განისაზღვრება.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მდრ-მ უნაყოფობის მკურნალობის პროცესში ახალი შესაძლებლობები შექმნა და როგორც გლობალურად, ასევე საქართველოშიც მზარდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინის დახმარებას საჭიროებენ.

“მაგალითისთვის, მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებული ახალშობილების რიცხვი 2018 წელს 506-დან 2021 წელს 959 ახალშობილამდე გაიზარდა.

მისი მნიშვნელობის და მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით მდრ-ისთვის პროცედურების უსაფრთხოება და ხარისხი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. უვნებლობისა და ხარისხის საერთო დონის მქონე რეპროდუქციული ქსოვილები და უჯრედები, ისევე როგორც თვითონ მდრ-ის პროცედურები, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

დღეს საქართველოში მდრ-ის პროცედურების განხორციელების ნებართვას 19 დაწესებულება ფლობს. არსებული დაწესებულებები ამბულატორიულ ან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე ფუნქციონირებენ. არ ფუნქციონირებს ერთიანი რეესტრი მდრ-ის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მდრ-ის პროცედურების ფართო დიაპაზონი სრულდება, ინფორმაცია მათი შედეგების თაობაზე მწირია. საქართველოს მდრ ცენტრები უცხოეთის მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას სუროგატის მომსახურებას სთავაზობენ. ამასთანავე, საკანონმდებლო დონეზე არ არის დადგენილი მდრ-ის სფეროში ქსოვილების/უჯრედების დონაციის და ასევე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, რის გამოც ამ სფეროში კომერციული ინტერესებიც იკვეთება.

ზემოაღნიშნული ხარვეზები ცხადყოფს, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად აუცილებელია ამ სფეროში ახალი კანონშემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება და თანამედროვე სამართლებრივ ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო