„არემჯი“ ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

17 ივნისს, ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას სლოგანი - ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებდა.

„დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა იყო.

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 70-მდე მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელიც ადგილობრივი და ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები.

ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში ქართულ-გერმანული ღვინის სახლი გაიხსნა, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში, წისქვილის ქ. #8-ში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია არემჯის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი, კახაბერ მჭედლიშვილი აღნიშნავს, პლატფორმა ბოლნისურ მეღვინეობას გააძლიერებს.

„დღეს გავხსენით ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომლის სარდაფშიც მდებარეოს ძველი გერმანული მარანი. ამ სახლში ადგილობრივ მეღვინეებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი ღვინოები, სტუმრებს კი - ღვინოების დეგუსტაციის და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. სახლის მეორე სართულზე იქნება სატრენინგო ოთახი და ბიბლიოთეკა, ხოლო მანსარდაში - მცირე საგამოფენო სივრცე. ამასთან, სახლის ეზო გვაძლევს კარგ შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ ღვინის თუ სხვა მსგავს ღონისძიებებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პლატფორმა გააძლიერებს ბოლნისურ მეღვინეობას“, - აღნიშნა კახაბერ მჭედლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფესტივალის ფარგლებში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში სომელიეს მასტერკლასი, ლიზა გრანიკის ქართული ღვინის შესახებ გამოცემული წიგნის განხილვა და ღვინის სამაგიდო თამაშები გაიმართა. ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურა.

მათივე ცნობით, „არემჯის“ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისი უკვე მესამე წელია მასპინძლობს ღვინის ღონისძიებებს, რომელიც წელს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალის სახელით ჩატარდა.

„საქართველოში პირველად ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი და ეს არის დიდი სტიმული მეღვინეებისთვის, რადგან ადგილწარმოშობა ღვინის მნიშვნელოვანი ნიშაა. ამ ფესტივალზე ჩვენი შეკრების მიზანი არის ის, რომ კარგად გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი რეგიონი, ბოლნისი, ჩვენი ღვინოები და შევთავაზოთ მათ საუკეთესო ხარისხის ღვინო. ამ ჯილდოს მოპოვება ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა. ეს არის დიდი შრომის შედეგი და დაფასება ჟიურის წევრებისგან“, - აღნიშნა მეღვინეობა „მუხიგული 1770-ის“ წარმომადგენელმა იოსებ მუხიგულაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“. ფესტივალის მხარდამჭერები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება