ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლისთვის გაცილებით მარტივი უნდა იყოს გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება

ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლისთვის გაცილებით მარტივი უნდა იყოს გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება, - ასე გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამი დაკავებულის - დევი კახოიძის, ბექა მურღვლიანისა და ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას.

როგორც ფურცელაძე განმარტავს, პროკურატურის დასკვნით სიტყვას იმ მნიშვნელოვან კითხვებზე არ გაუცია პასუხი, რაც ადვოკატის თქმითვე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქმის გარშემო არსებობს.

„სასამართლო გადაწყვეტილებებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასკვნითი სიტყვის ფუნქცია გახლავთ ყველა ეჭვზე და რაციონალურ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამის ნაცვლად, დღეს ჩვენ მოვისმინეთ იმ ფანტაზიების გაღრმავება მცირედით და გადამღერება, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ბრალდება არაერთგზის აჟღერებდა. მათ მიერ, დღეს წარმოთქმული სიტყვა ფაქტობრივად გახლდათ ბრალდების დადგენილების ვრცელი ვარიანტი, რომელსაც არ უპასუხია იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსვამდით. შესაბამისად, ერთადერთი, ობიექტური გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სასამართლომ ამ პირობებში მიიღოს, ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი. თუმცა, აქამდე სასამართლოს მიერ გამოთქმული მოსაზრებების, წინმსწრები პოზიციების და შექმნილი განწყობის ფონზე, აღნიშნულის მოლოდინი ძალიან მცირეა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლისთვის გაცილებით მარტივი უნდა იყოს გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ფურცელაძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს