თუ არ იქნება გამოხმაურება და დიალოგზე წამოსვლა, ჩვენ დღის ბოლოდან დავიწყებთ შიმშილობას - ჩვენ ან შევეწირებით ამ საქმეს, ან გადავარჩენთ ჭიათურას, - ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მხრიდან პირობები არ სრულდება.
„არსებული ვითარება უკვე უკიდურესად მძიმეა. მე-14-ე დღეა ჩვენი პროტესტი უშედეგოდ გრძელდება. უკვე რამდენიმე ადამიანმა თვალები და პირი ამოიკერა, ვენები გადაიჭრა და ამ ყველაფერმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. იმისთვის, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს პროტესტი, ყველაფერს გავაკეთებთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება - უნდა დავიწყოთ შიმშილობა, თუ არ იქნება გამოხმაურება, დიალოგზე წამოსვლა, ჩვენ დღის ბოლოდან დავიწყებთ შიმშილობას. იმედია გვექნება საშუალება, რომ კარავი გავშალოთ. ეს შიმშილობა იქნება უვადო, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს, ჩვენ ან შევეწირებით ამ საქმეს, ან გადავარჩენთ ჭიათურას.
გვქონდა 14 საკითხი დაყენებული, საიდანაც 12 იყო საკითხი, რომელიც 2019 წლის გაფიცვებზე გვქონდა დაყენებული და იყო დაპირება სახელმწიფოს მხრიდანაც და კომპანიის მხრიდანაც, რომ შესრულდებოდა, თუმცა არ შესრულდა. ჩვენ დღესაც გვპირდებიან იგივე საკითხების მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ზეპირსიტყვიერების არ გვჯერა", - განაცხადა მაღაროელმა.