საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) რექტორს, დოქტორ ქეთრინ ზალჩერტს შეხვდა და გერმანელ კოლეგასთან ერთად, სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, რექტორების შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე და დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები - დოქტორები: ჯულიანა ტერპე და მარიო ნოიგებაუერი.
შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უმაღლეს სკოლებსა და სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი და სხვ. მუდმივად იხვეწება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, სადაც ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კვლევებს ატარებენ. მათ შორისაა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქ ერთდროულად 700-ზე მეტი ლაბორატორიული, სამეცნიერო და საექსპერტო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის, CERN-თან ერთად. აღსანიშნავია, რომ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, იულიხის კვლევით ცენტრთან, ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია DAAD-თან და DAAD-ის თბილისის რეგიონულ ოფისთან. უნივერსიტეტში მოქმედებს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ოფისი, რომელიც აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მობილობის პროექტს ახორციელებს. გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სადოქტორო მობილობის პროგრამაში, რომელსაც ასევე DAAD-ი სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმავოს კოლაბორაცია დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან, შეიმუშაოს ერთობლივი კველევითი პროექტები, სამეცნიერო კონფერენციები და გააქტიუროს გაცვლითი პროგრამები, როგორც ჩვენი წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისთვის“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.
როგორც დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორ ქეთრინ ზალჩერტმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორმხრივი წარმატების საწინდარი იქნება.
„დაინტერესებული ვართ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გავაღრმავოთ სასწავლო-კვლევითი პროცესები, გავაფართოოთ აკადემიური და განსაკუთრებით, სტუდენტთა მობილობა. ჩვენი მიზანია, სამეცნიერო დარგში ნაყოფიერი თანამშრომლობა, რათა განვახორციელოთ ერთობლივი კვლევები თუ სამეცნიერო პროექტები და ამ გზით, ჩამოვაყალიბოთ მყარი პარტნიორული კოლაბორაცია უნივერსიტეტებს შორის. მადლობას ვუხდი რექტორს, იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის ამ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ქეთრინ ზალჩერტმა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენლები სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, რომლის ფარგლებშიც გერმანელმა კოლეგებმა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს, ასევე, სტუდენტთა ინოვაციურ პროექტებსა და ფაკულტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნენ.