თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის" და თბილისის საკრებულოს წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, პარტიას, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაბარებული ჰყავდა თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილეები, ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი, თუმცა ისინი სხდომაზე არ მივიდნენ.
გიორგი ონიანის განცხადებით, ის, რომ დაბარების მიუხედავად თბილისის მერის მოადგილეები ფრაქციის სხდომაზე არ გამოჩენილან, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და ამის საპასუხოდ, ისინი მთავარ პროკურორს, სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს დღეს განცხადებით მიმართავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
„ერთი კვირის წინ, მერიის მაღალჩინოსანმა სასამართლო სხდომაზე კახა კალაძესა და მერიის მაღალჩინოსნებს ხელი პირდაპირ დაადო, რომ სწორედ მათი ბრალი იყო ის ტრაგედია, რაც ვაკის პარკში მოხდა. შადრევანი, რომელიც არ უნდა გახსნილიყო, დროზე ადრე გახსნეს. ამის შემდეგ, მერის მოადგილეები - ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი [ფრაქციის სხდომაზე] დავიბარეთ, დღეს უნდა მობრძანებულიყვნენ, იმ კითხვებზე, რომლებიც დაგროვდა, საზოგადოებისთვის პასუხი უნდა გაეცათ. თუმცა ეს ადამიანები და მთლიანად მერია კანონის დარღვევას აგრძელებენ, რაც ორი წლის წინ დაიწყეს. არც ერთ სხდომაზე არ მობრძანებულან, როდესაც ეს ვალდებულება მათ რეალურად აკისრიათ. ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. სწორედ ამიტომ დღეს, ჩვენ მთავარ პროკურორს, სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორს განცხადებით მივმართავთ. სამწუხაროა, რომ ვერ აანალიზებენ, დღეს თუ ხვალ მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგებიან და მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესებს აბსოლუტურად არაფრად აგდებენ და კანონი მათთვის უბრალოდ არ არსებობს. პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორს ვთხოვთ, რომ გამოძიება სამოხელეო მუხლით დაიწყონ. ხოლო სახალხო დამცველს ვთხოვთ, მის ხელთ არსებული ბერკეტებით - საპარლამენტო ანგარიშით, რეკომენდაციით, აიძულონ და დააჩქარონ გამოძიების დაწყება,"- განაცხადა გიორგი ონიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მერის მოადგილეების არ მოსვლა ნიშნავს იმას, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ აქვთ.
„მათი არ მოსვლა ერთადერთ რამეს ნიშნავს - ამ ძალიან მწვავე კითხვებზე მათ პასუხი არ აქვთ, იციან, რომ სინამდვილეში დამნაშავეები არიან. შადრევანი, რომელიც დამთავრებული არ იყო, არ უნდა გახსნილიყო. ისინი კითხვებს გაურბიან და ამით, მორიგ დანაშაულს ჩადიან",- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.