ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „ელექტრონული ხმის მიცემა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება არჩევნებში“ მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათი ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარემ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა და ელექტრონული არჩევნების ჩატარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა, გამოწვევები, საარჩევნო რეფორმის აღსრულება და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები.
„ცესკო-ს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას არსებული გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ ნდობის, კიბერ-საფრთხეებისა და მდგრადობის, გამჭვირვალობისა და საარჩევნო ციკლის პრინციპების დაცვის ჭრილში ისაუბრა.
კონფერენცია ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობის განყოფილებისა და არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენცია ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დენიელ პოპესკუმ გახსნა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისადმი ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულების, ICT-ის საარჩევნო პროცესებში გამოყენებისა და არსებული გამოწვევების შეფასება; განვითარების მიმართულებებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გავლენის შეფასება და სამომავლო რეკომენდაციების განხილვა.
კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მოხსენებები წარადგინეს ევროსაბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ, პაულ როუსელმა, ევროსაბჭოს ექსპერტმა რასტო კუზელმა, ესტონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის პრეზიდენტმა, მოსამართლემ და ვენეციის კომისიის ექსპერტმა ოლივერ კასკიმ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის უფროსმა საარჩევნო მრჩეველმა ვლადიმირ მისევმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წევრმა დეივიდ ერეიმ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების დაკვირვებისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელმა სილვიე აფჰოლდერმა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა და სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტების შესახებ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა; მიმდინარე ტენდენციები და ინოვაციები ელექტრონული ხმის მიცემისა და ონლაინ ხმის მიცემის სფეროში. პერსონალური მონაცემებისა და ხმის ფარულობის დაცვა; ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება და გადაჭრის გზები; ციფრული ტექნოლოგიები არჩევნებში და სხვ.
გიორგი კალანდარიშვილი კონფერენციას ევროსაბჭოს მიწვევით დაესწრო. ღონისძიება სტრასბურგში, 16 ივნისს გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.