გელა გელაძის ხელმძღვანელობით 2023 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გელა გელაძის ხელმძღვანელობით, 2023 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ჯგუფმა საჭიროებების გათვალისწინებით იმ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ამოცანებზე იმსჯელა, რომელიც გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ უნდა შეასრულოს. საუბარი შეეხო საგამოცდო ცენტრების დენის უწყვეტ მომარაგებას, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფას, გზების მოწესრიგებას, ტრანსპორტირებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს წინასაგამოცდო სამზადისი. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში. ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, ასევე გამზადებულია შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები -ამჟამად მიმდინარეობს მათი ცენტრებად განაწილების პროცესი.

მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, აგრეთვე, კომპიუტერული და ელექტრო ქსელის დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება.

გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ წელს იქმნება. ჯგუფი დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი, შპს "სქაიტელი".

წელს, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს, პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე, მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში, 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი, საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის