კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდებარედ შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, კობა ხუბუნაია 18:00 საათამდე კინემატოგრაფებს შეხვედროდა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გასაუბრებოდა.
ქართველი კინორეჟისორის, ლანა ღოღობერიძის თქმით, კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენები ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსულ პრინციპს მიჰყვება - “ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, მაგრამ ხელოვნება არის საპირისპირო - ვინც იხდის ფულს, ის ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედი თავის მუსიკას ქმნის”.
როგორც ლანა ღოღობერიძემ კინემატოგრაფების აქციისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დროებით დანიშნულ ხელისუფლებას, გარკვეულ ეტაპზე, შეუძლია ხელოვნების განვითარება შეაფერხოს და საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას.
მისივე თქმით, კინოს შეუძლია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი როლი ითამაშოს.
“კინოცენტრის მთავარი პრინციპია კინოს სახელმწიფო დაფინანსებით სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქონდეს. დღეს რა მოხდა და რა პრობლემაა? მთავარი, ალბათ, მაინც დირექტორის დანიშვნის წესია. ქართული კინოცენტრი დამყარებული იყო პრინციპზე, რომ პროფესიონალები, კინოსთან დაახლოებული ადამიანები, გარკვეული ვადით ირჩევდნენ დირექტორს. მთავარი იყო ის, რომ პროფესიონალები ირჩევდნენ პროფესიონალს, მისი გამოცდილებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ნდობაც არსებობდა იმის მიმართ, თუ როგორ დაფინანსდებოდა ფილმები. დღეს ეს პრინციპები რაღაცნაირად იცვლება. დირექტორის დანიშვნის წესზე ჩვენ არაფერი ვიცით. საიდან? როგორ? მაგრამ ის, რომ ეს ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, ეს ნათელია. გაჩნდა მოსაზრებები, რომ რა ფილმები უნდა დაფინანსდეს და როგორ, ამას მმართველი პარტია განსაზღვრავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისევ და ისევ რუსულ პრინციპს მივყვებით - ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას, მაგრამ ხელოვნება არის ზუსტად საპირისპირო - ვინც იხდის ფულს, ის ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედი თავის მუსიკას ქმნის. ეს არის ყველაფრის თავი და თავი.
დაბოლოს, დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ხელოვნება ხელისუფლების კუთვნილება არ არის. ხელოვნება მუდმივი კატეგორიაა, ხელისუფლება კი - დროებითი. ამ დროებით დანიშნულ ხელისუფლებას, გარკვეულ ეტაპზე, შეუძლია ხელოვნების განვითარება შეაფერხოს და ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კინოს თავისი საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეუძლია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი როლი ითამაშოს”, - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.
ცნობისთვის, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფები რამდენიმე დღეა კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნაიას დანიშვნასა და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები დირექტორის კონკურსის გზით არჩევას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებასა და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
ინფორმაციისთვის, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.